ირაკლი ოქრუაშვილმა რომ განაცხადოს, დანაშაულის შესახებ იცოდა, ისიც დამნაშავე გამოვა დანაშაულის დაფარვისთვის

ირაკლი ოქრუაშვილმა რომ განაცხადოს, დანაშაულის შესახებ იცოდა, ისიც დამნაშავე გამოვა დანაშაულის დაფარვისთვის

დანაშაულის დაფარვისთვის ირაკლი ოქრუაშვილმა რომ განაცხადოს, დანაშაულის შესახებ იცოდა, ისიც დამნაშავე გამოვა დანაშაულის დაფარვისთვის, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ია მეტრეველის თქმით, მათ აქვთ უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ფაქტს, რომ გურამ დონაძე მომხდარის შემდეგ დაეკონტაქტა შს მინისტრს და ირაკლი ოქრუაშვილმა ნახა მომხდარის შესახებ ვიდეოფირი. 

ია მეტრეველის მტკიცებით, აღნიშნული ფაქტის შესახებ მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა ქეთი ხოსიტაშვილმა განუცხადა.

„ქეთი ხოსიტაშვილის ნათქვამიდან გამომდინარე ვიცით, რომ გურამ დონაძემ დაურეკა ოქრუაშვილს, რათა ვიდეომასალა ენახა. ოქრუაშვილმა რომ აღიაროს ეს ფაქტი, მაშინ ისიც დამნაშავე გამოვა დანაშაულის დაფარვისთვის“, - განაცხადა ია მეტრეველმა.

ირაკლი ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა. სასამართლო პროცესზე მას მხარეებმა აღნიშნული ფაქტის შესახებ ჰკითხეს, თუმცა ირაკლი ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ უშუალოდ მომხდარის შემდეგ გურამ დონაძესთან არანაირი სატელეფონო კონტაქტი არ ჰქონია. 
ოქრუაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ მას მომხდარი ფაქტის ვიდეოფირი იმ ღამეს არ უნახავს და რომ ფაქტის შესახებ მეორე დღეს, პრესის საშუალებით გაიგო.