არჩილ თალაკვაძე მიზანშეწონილად მიიჩნევს, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიმართულებით მოხალისეთა კორპუსის მობილიზაცია მოხდეს

არჩილ თალაკვაძე მიზანშეწონილად მიიჩნევს, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიმართულებით მოხალისეთა კორპუსის მობილიზაცია მოხდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიმართულებით მოხალისეთა კორპუსის მობილიზაცია მოხდეს.

თალაკვაძე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" მოთხოვნას, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს. 

"რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც მოთხოვნილი აქვს თუნდაც ოპოზიციას, არის დაგეგმილი, უკვე არის განხორციელების პროცესში. გარკვეული სტატუსების მინიჭება არის მეორეხარისხოვანი, ვიდრე ის ღონისძიებები, რის გატარებასაც ვაპირებთ. მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ მოხდეს მოხალისეთა კორპუსის მობილიზაცია და ფერმერთათვის, სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურებისთვის კიდევ უფრო მეტი დახმარების უზრუნველყოფა ადამიანური რესურსის თვალსაზრისით", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დეპუტატის შეფასებით, აზიური ფაროსანა ამ მომენტში გამოწვევას წარმოადგენს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ემუქრება მოსავალს.

"მე პირადად ვფიქრობ, რომ ყველა სხვა ზომასთან ერთად, საჭიროა მოხდეს მოხალისეთა მობილიზაცია, რათა ერთიანი ფრონტით შევუტიოთ", - აღნიშნა თალაკვაძემ.