ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმედს გამოთქვამს, რომ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სრულყოფილი და გამჭვირვალე გამოძიება ჩატარდება.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ეხმაურება ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
”23 თებერვალს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მიიღო ინფორმაცია არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საკუთარი მანდატის ფარგლებში, მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება. მისიის ცხელი ხაზი აგრძელებს მუშაობას და აქტიურად გამოიყენება ამ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიიჩნევს, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია თანამშრომლობის დამყარება, რათა ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ყველა აუცილებელი დოკუმენტი გაიცვალოს. მისია იმედს გამოთქვამს, რომ სრულყოფილი და გამჭვირვალე გამოძიება ჩატარდება.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზადყოფნას გამოთქვამს დაეხმაროს მიმდინარე გამოძიებას და ხელი შეუწყოს დისკუსიებს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რომელსაც თანათავმჯდომარეობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ეუთო, ან ნებისმიერი სხვა შესაბამისი ფორმატის ფარგლებში, რომელზეც მონაწილეები შეთანხმდებიან”, - ნათქვამია განცხადებაში.
22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.