აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის მდივანი - რუსეთთან დაკავშირებით სანქციებზე ვმუშაობთ

აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის მდივანი - რუსეთთან დაკავშირებით სანქციებზე ვმუშაობთ

ჩვენ, რუსეთთან დაკავშირებით სანქციებზე ვმუშაობთ, - განაცხადა აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის მდივანმა სტივენ მნუჩინმა. მისივე განცხადებით, სანქციების შემოღებას იუსტიციის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ მასალებზე დაყრდნობით განიხილავენ, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთის 13 მოქალაქის წინააღმდეგ წარუდგინეს. მათ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა ედებათ ბრალად.

„ჩვენ ვაგრძელებთ არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით მუშაობას. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან, განსაკუთრებით ბოლო სარჩელთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მნუჩინმა.

მანვე დაამატა, რომ ხაზინის დეპარტამენტში სანქციებზე მუშაობენ, ასევე ე.წ. „კრემლის შესახებ მოხსენებაზე“ დაყრდნობით. აღნიშნულ მოხსებენაში შესულია რუსეთის 114 პოლიტიკოსი და 96 ბიზნესმენი.

16 თებერვალს, აშშ-ს იუსტიციის ორგანოებმა რუსეთის 13 მოქალაქეს აშშ-ს საპრეზიდენტო კამპანიაში ჩარევის გამო, ოფიციალური ბრალდება წაუყენეს. აღნიშნულ 13 პირს ადანაშაულებენ თაღლითობის შეთქმულებაში, „შეთქმულებაში თაღლითობის მიზნით საბანკო მაქინაციებისთვის მონაცემთა გადაცემის ელექტრონული საშუალებების გამოყენებაში“, ასევე „პერსონალურ მონაცემთა მიტაცებაში დამამძიმებელი გარემოებებით“. 
ე.წ. „კრემლის შესახებ მოხსენება“ აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა იანვრის ბოლოს წარადგინა, რომელშიც შესულია 114 პოლიტიკოსი და 96 ბიზნესმენი.