პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი და „რუსთავი 2“-ის იურისტი თამთა მურადაშვილი კონკრეტულ პარტიულ ინტერესებს ატარებენ.
როგორც კობახიძემ მედიაორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მიმდინარეობს პოლიტიკური შტურმი საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ამ შტურმის მონაწილეები, სხვა სუბიექტებთან ერთად, არის „პარტიული აქტივი, რომელსაც ამ შემთხვევაში წარმოადგენდა როგორც ჯანგირაშვილი, ის მურადაშვილი“.
„ეს შტურმი არის ახსნადი, პოლიტიკური ახსნა აქვს, თუმცა არავითარი გამართლება არ აქვს. არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდე იმ იდეას, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სოციალური გავლენა მოიპოვოს. დღეს რამდენიმე ტყუილში ვამხილე ჯანგირაშვილი და ეს იყო რეალურად მიზეზი, რატომაც დატოვა დარბაზი. მას მოჰყავდა არასწორი მონაცემები სარეკლამო ბაზართან დაკავშირებით. ტყუილები არის ამ პარტიული აქტივის დამახასიათებელი ნიშანი“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, რომელ პარტიას გულისხმობდა, პარლამენტის თავმჯდომარემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა.
„ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. არ ვგულისხმობ კონკრეტულად პარტიას, ეს არის ის პოლიტიკური წრე, რომელიც ფიქრობს რევანშზე - ეს რევანში ბუნებრივია, ვერ შედგება, თუმცა ისინი თავიანთ ბრძოლას განაგრძობენ. ისინი არიან ერთგულნი საკუთარი პოლიტიკური პარტიის მიმართ. მათ აქვს გამოყენებული ეს თემა ზოგადად ხელისუფლებაზე შტურმის მისატანად. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის სსიპ და შესაბამისად ის პროცესები, რომელიც ხორციელდება საზოგადოებრივ მაუწყებელში, მათ შორის, კანონპროექტის განხილვის სახით, ბუნებრივია, დაკავშირებულია ხელისუფლებასთან და ისინი ცდილობენ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე შტურმის მიტანით საბოლოოდ შტურმი მიიტანონ ხელისუფლებაზე, თუმცა ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა. საბოლოო ჯამში, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმაზე, რომ არ გაიფლანგოს საბიუჯეტო თანხები ისე, როგორც იფლანგებოდა წლების განმავლობაში, ზუსტად იმ ხელისუფლების პირობებში, რომელსაც წარმოადგენენ დღეს ჯანგირაშვილი და მურადაშვილი“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ამავე შტურმში ჩართულია არასამთავრობო სექტორის ნაწილიც.
„ამ შტურმში ჩართულნი არიან სუბიექტები, ზოგი ნებსით, ზოგი უნებლიედ, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები - ისინი ასოცირებული არიან პოლიტიკურ ძალებთან და შესაბამისად, მათაც ამოძრავებთ პოლიტიკური ინტერესი“, - დასძინა კობახიძემ.