აშშ-ში ირაკლი კობახიძის ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის მყარი მხარდაჭერა საქართველოს განვითარების დღის წესრიგისადმი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული უწოდა.
მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე შეხვდა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს პოლ რაიანს, ასევე არაერთ კონგრესმენს, სენატორს. ასევე მისივე თქმით, კობახიძეს ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა ჯონ ჰოპკინსის უნივერისტეტში.
“ამ ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ს მყარი მხარდაჭერა საქართველოს განვითარების დღის წესრიგისადმი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა შეხვედრაზე იყო საუბარი იმ პოზიტიურ რეფორმებსა და ძვრებზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეგობრებმა, როგორც უმნიშვნელოვანესმა მონაწილეებმა ამ პროგრესის, იცოდნენ და ადასტურებდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმების წარმატებას. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება საპარლამენტო განზომილებას და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს ვიზიტი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.