კახა კალაძემ მამუკა კობახიძეს დაავალა, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის სატენდერო პროცედურებში ჩართული პირები თანამდებობიდან გაათავისუფლოს

კახა კალაძემ მამუკა კობახიძეს დაავალა, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის სატენდერო პროცედურებში ჩართული პირები თანამდებობიდან გაათავისუფლოს

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს მამუკა კობახიძეს დაავალა,  დაკავებული პოზიციებიდან ის პირები გაათავისუფლოს, რომლებიც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის სატენდერო პროცედურებში იყვნენ ჩართული.

ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მეტროსადგურში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა.

„ამ ეტაპზე, არსებული გარემოებები შევისწავლეთ და აშკარაა, რომ სამუშაოების შესრულების დროს ხარვეზები იყო - დაწყებული საპროექტო სამუშაოების შესყიდვებიდან, დამთავრებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესით. ვიცით, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია გამოძიება და დაველოდოთ მის შედეგებს. სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს მამუკა კობახიძეს მინდა დავავალო, რომ  დაუყონებლივ გაათავისუფლოს დაკავებული პოზიციებიდან ის ადამიანები, რომლებიც სატენდერო პროცედურებში ჩართული იყვნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საპროექტო სამუშაოების მიღება-ჩაბარება ტექნიკური ექსპერტიზის გარეშე განხორციელდა, როდესაც ტექნიკური ექსპერტიზის აუცილებლობა არსებობდა.