რაც მაკლია მთელ ამ საქმეში მიშა სააკაშვილის წინააღმდეგ, კანონის უზენაესობის პრინციპია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ევროპარლამენტარმა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე რებეკა ჰარმსმა განუცხადა.
ევროპარლამენტის წევრი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა შეცდომა იყო, თუმცა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსაც ურჩევს, არ წარმოაჩინოს, თითქოს ის არის უკრაინის გადამრჩენი ყოველივე ცუდისგან.
„რაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ მიშა სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობა წაერთმიათ (და მე ვფიქრობ, ეს შეცდომა იყო), რაც მე მაკლია მთელ საქმეში მიშა სააკაშვილის წინააღმდეგ, არის კანონის უზენაესობის პრინციპი. მიხეილ სააკაშვილმა თავადაც ხელი შეუწყო ნეგატიურ განვითარებას, როდესაც მან „არალეგალურად“ გადაკვეთა უკრაინის საზღვარი. მე ვიმედოვნებ, ახლა, როდესაც ის პოლონეთშია, უკეთ შეეძლება მის საქმეზე იბრძოლოს, მაგრამ ასევე რეკომენდაციას ვუწევ, არ წარმოაჩინოს საკუთარი თავისგან კაცი, რომელსაც შეუძლია უკრაინა ყველაფერი ცუდისგან იხსნას. მე ვფიქრობ, უკრაინელებს შესწევთ უნარი, საკუთარი მომავალი თავად შექმნან და ამ კონტექსტში იმედებს უკრაინელი პოლიტიკოსების მომავალ თაობებზე ვამყარებ“, - განაცხადა რებეკა ჰარმსმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, რესტორანში დააკავეს და პოლონეთში გააძევეს.