ზედმეტი თავის ტკივილის ასაცილებლად ყველამ არჩია, რომ ეს ხმაურიანი ფიგურა ციხეში არ ჩაესვათ

ზედმეტი თავის ტკივილის ასაცილებლად ყველამ არჩია, რომ ეს ხმაურიანი ფიგურა ციხეში არ ჩაესვათ

მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში დეპორტაცია არა საქართველოს, არამედ, ამერიკისა და ევროპის სახელმწიფოებთან იყო შეთანხმებული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ, კიევიდან სააკაშვილის ვარშავაში გაძევების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, სააკაშვილის საპატიმროში მოხვედრა არც უკრაინის და არც საქართველოს ხელისუფლებებს არ აწყობთ, რადგან არის ალბათობა, რომ მას ბევრი პოლიტიკოსის საწინააღმდეგო ჩვენებები მიეცა.

„რა უნდა უქნან სააკაშვილს, როგორ უნდა მოექცნენ, საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო. ეს იყო შეთანხმებული უფრო დიდ სახელმწიფოებთან, ვისაც ანგარიშს უწევენ. ეს შეთანხმებული იქნებოდა ამერიკის და ევროპის სახელმწიფოებთან მინიმუმ, რამდენადაც სააკაშვილის საპატიმროში მოხვედრა, გინდ უკრაინულ და გინდ საქართველოს საპატიმროში და იქ დაკითხვა, ბევრ პოლიტიკურ ფიგურას სირთულეებს შეუქმნიდა - დაკითხვაზე მყოფი სააკაშვილი ვისზე რას იტყოდა, არავინ იცის. ბევრ წვრილმანშიც გამოჩნდა, რომ მისი დაპატიმრება არ აწყობდათ.

მე არ შემიძლია კონკრეტულად თქმა, ვისზე შეიძლება მიეწოდებინა სააკაშვილს ინფორმაცია გამოძიებისთვის, მაგრამ „ვიკილიქსის“ მასალებიდან და უკრაინის ფარული სატალეფონო საუბრებიდან რამდენიმე ფიგურაზე იყო საუბარი, მაგალითად, მაკკეინზე, რომელთანაც გარკვეული საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა სააკაშვილს. რეალურია, თუ არარეალური ეს სატელეფონო საუბრები, ერთი რამ ფაქტია, რომ სააკაშვილს ბევრ ფიგურასთან ჰქონდა ურთიერთობა. იმ ტიპის ფიგურებთან, ვისაც დღეს გავლენა აქვს დასავლეთის პოლიტიკაზე. ზედმეტი თავის ტკივილისგან თავის არიდებისთვის ყველას ერჩივნა, რომ ეს ხამურიანი ფიგურა არ ჩაესვათ ციხეში, რადგან სააკაშვილის ნებისმიერი ნათქვამი იქნებოდა ატაცებული მსოფლიო პრესის მიერ. რაში უნდა დაჭირვებოდათ მათ ამ სირთულეების შექმნა? ამიტომ ყველას შეთანხმებული მოქმედება იყო მისი დეპორტაცია პოლონეთში“, - განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, ამ მოვლენების შემდეგ სააკაშვილი ეცდება ევროპულ სივრცეში მოტრიალე, მოძრავი ფიგურის როლი მოირგოს.

„მისი მხარდამჭერების რიცხვი არ არის ისეთი, რომ მათ რაიმე პრობლემა შექმნან უკრაინაში და შესაბამისად, აიძულონ უკრაინის ხელისუფლება, გადადგას ესა თუ ის ნაბიჯი. ეს რომ ასე ყოფილიყო, ამ ნაბიჯსაც არ გადადგამდა უკრაინის ხელისუფლება, რაც ახლა გადადგა. მხარდამჭერების ანგარიშში ჩაგდება არ არის სწორი. რა თქმა უნდა, მას ექნება მხარდამჭერებთან ურთიერთობა და ის რიტორიკა, რომ მე თქვენთან ვარ და თქვენ ჩემთან, რომ ის არის მოწყვეტილი სამშობლოს და შეპირდება, რომ საჭირო მომენტში ჩავა თავის ქვეყანაში და რევოლუციურ სტილის მოყვარულ პოლიტიკოსს ასეთი კავშირი აუცილებლად ექნება თავის ქვეყანასთან. სამწუხაროდ, სააკაშვილმა თავის ქვეყნად უკრაინა მიიჩნია და საქართველო გაქრა მისი ინტერესების ჰორიზონტიდან. ამ პირობებში, იმისდა მიხედვით, როგორ იპოვის თავის ადგილს, როცა ფაქტობრივად, ახალ ცხოვრებას იწყებს, როგორ დალაგდება მისი ბედ-იღბალი, ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მე მგონი, ეცდება ევროპულ სივრცეში მოტრიალე, მოძრავი ფიგურის როლი აიღიოს თავის თავზე იმ რიტორიკის თანხლებით, რომ საბჭოთა სივრცეში ოლიგარქები ბუდობენ“, - აღნიშნა საყვარელიძემ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ უკრაინამ სააკაშვილი საბოლოოდ მოიშორა.

„უკრაინის ოპოზიცია, რომლის ინტერესებშიც არ არის სააკაშვილი წინა პლანზე იყოს, ასევე პოლიტიკური მოვლენები, პოროშენკოს დამოკიდებულება სააკაშვილის და ხელისუფლების მიმართ... ფაქტობრივად, არც ერთი მექანიზმი არ ჩანს ისეთი, რომელმაც სააკაშვილს უკრაინისკენ გზა შეიძლება გაუხსნას“, - განაცხადა საყვარელიძემ.