თუ პარლამენტს ელემენტარული ღირსება აქვს და უნდა თავისი რენომეს შენარჩუნება, აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.
„აფგან მუხთარლის გატაცება და საქართველოს საზღვარზე გადაყვანა მოახდინა საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ამიტომ მთავრობა საკუთარ თავს ვერ დასჯის. ამ ადამიანმა ამხილა ყველა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა - დაწყებული ძალოვანი სტრუქტურებიდან, დამთავრებული ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებით. ერთადერთი ორგანო, რომელსაც ამის გამოძიება შეუძლია, არის პარლამენტი. კეთილი ინებოს პარლამენტმა, შეასრულოს თავისი საკონსტიტუციო მოვალეობა და შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. არ შექმნის და მით უარესი პარლამენტისთვის და მით უარესი მთავრობისთვის. რაც უფრო გვიან გამოიძიებენ ამ საკითხს, მით უფრო მკაცრად დაისჯებიან მისი შემსრულებელი პირები“, - განაცხადა გოცირიძემ.
ამასთან, რომან გოცირიძეს ეჭვი არ ეპარება, რომ საბოლოოდ ჭეშმარიტება გაირკვევა, რადგან ეს არის საერთაშორისო რეზონანსის მქონე საქმე. „არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ ადრე თუ გვიან ყველა პირი დაისჯება, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. ამ მთავრობის პირობებში ბუნებრივია, ეს არ მოხდება. თუ პარლამენტს ელემენტარული ღირსება აქვს და უნდა თავისი რენომეს შენარჩუნება, კომისია უნდა შეიქმნას“, - განაცხადა გოცირიძემ.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის განცხადებით, მისი გატაცება საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების გარეშე ვერ გადაწყდებოდა. გარდა ამისა, მუხთარლი ხელს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილსაც ადებს. აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი თბილისში გასული წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალად ედება აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და კონტრაბანდა. აზერბაიჯანულმა სასამართლომ მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.