ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის გააქტიურება იგეგმება

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის გააქტიურება იგეგმება

პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის კიდევ უფრო გააქტიურების მიზნით, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტები გაიმართება. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს მთავრობა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, ზომების გამკაცრებას გეგმავს.

ამ თემაზე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო თათბირი გამართა, რომელშიც ვიცე-პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური მონაწილეობდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ უფრო გააძლიერებს ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებს პარტნიორ ქვეყნებთან, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის კონტექსტში.

ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება აქტიური საინფორმაციო კამპანია, რომელიც მოსახლეობას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას, რა რისკებთან არის დაკავშირებული მათ მიერ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევა და რა შედეგებს მოუტანს ეს მათ, სხვადასხვა, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით.