გამოცემა „The Sun”-ის მტკიცებით, ცნობილი ამერიკელი მომღერალი ჯენიფერ ლოპესი წინა კვირას დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა. „ნისლიანი ალბიონის“ ქვეყანაში მუსიკოსის სტუმრობას არაოფიციალური სახე ჰქონდა.
ჯენიფერ ლოპესი რუსმა მილიარდერმა მელნიჩენკომ ცოლის დაბადების დღეზე მიიწვია. ოლიგარქის აგარაკზე, ასკოტაში, კერძო კონცერტი სულ რაღაც ორმოცი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და „ჯეი-ლომ“ ჰონორარის სახით 2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. საინტერესოა, რომ ამ თანხის გარდა, მომღერლის მგზავრობისა და დიდ ბრიტანეთში ცხოვრების ხარჯიც ბატონმა მელნიჩენკომ გაიღო.
გასულ წელს იმავე მელნიჩენკომ კრისტინა აგილერა დაპატიჟა და ერთსაათიან კონცერტში 4 მილიონი დოლარი გადაუხადა.
უცხოეთში გადასახლებულ მდიდარ თანამემამულეებს მოსკოვში მცხოვრები მილიარდერი ვლადიმერ პოტანინიც არ ჩამორჩა. გასულ წელს მან ჯორჯ მაიკლს უმასპინძლა და კერძო კონცერტის ჩატარების შემდეგ 4 მილიონი დოლარით დაასაჩუქრა.