რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის С-400 „ტრიუმფის“ საბრძოლო დანაყოფებმა სევასტოპოლის ახლოს, ფიოლენტის კონცხზე მორიგეობა დაიწყეს, - ამის შესახებ რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.
რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტის ვიქტორ სევასტიანოვის თქმით, კომპლექსის სამხედრო მზადყოფნაში მოყვანა 5 წუთშია შესაძლებელი და მნიშვნელოვნად გააძლიერებს ყირიმის საჰაერო თავდაცვას.
რამდენიმე დღით ადრე ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით რუსეთი საკუთარი საზღვრების დაცვას ცდილობდა.
„ჩვენ ვიცით, რომ გრძელდება, როგორც პროვოკაციული ქმედებები რუსეთისა და უკრაინის საზღვარზე ყირიმის რაიონში, ისე დივერსიის მცდელობები. ამიტომაც რუსეთის მხრიდან საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები ვინმეს მიმართ საფრთხედ არ უნდა აღიქვან. ეს უნდა მიიღონ, როგორც რუსეთის მხრიდან სწორედ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რუსეთს ამის სრული სუვერენული უფლება აქვს“, - განაცხადა პესკოვმა.