ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „რესპუბლიკის“ წინააღმდეგ აგრესიაზე ბოდიში მოიხადოს.

„მე წავიკითხე თურქეთში საქართველოს ელჩის განცხადება, რომელიც ამავდროულად ბოსნია და ჰერცეგოვინაში საქართველოს ელჩია. ჩემს ვიზიტზე რეაქცია მტკივნეულია, მაგრამ აქ საჭიროა არაა მტკივნეულად რეაგირება, არამედ, პირველ რიგში, ბოდიშის მოხდა იმაზე, რაც თქვენ ჩაიდინეთ. რამეზე საუბარი კი მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი“, - განუცხადა ბიბილოვმა სააგენტო „რია ნოვოსტის“.

მან ასევე აღნიშნა, რომ სერბეთისა და სერბთა რესპუბლიკის ხალხი, ისევე როგორც ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა, „უნდა ცხოვრობდეს ერთად, ერთიან ტერიტორიულ პოლიტიკურ სივრცეში“.

„სერბთა რესპუბლიკის სერბებისთვის სერბეთი ისტორიული სამშობლოა, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთისთვის - რუსეთი“, - განაცხადა ბიბილოვმა.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციაში შემავალ სერბთა რესპუბლიკაში ”ოფიციალური ვიზიტით” ჩავიდა.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (აკრედიტებულია ბოსნია-ჰერცეგოვინაში) ირაკლი კოპლატაძე. მისი განცხადებით, ბოსნია-ჰერცეგოვინის ერთ-ერთ რეგიონში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა ვიზიტი ბოსნია-ჰერცეგოვინის ერთ-ერთ რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების კერძო ვიზიტს წარმოადგენს და არ შეესაბამება ბოსნია-ჰერცეგოვინას პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.