მივესალმები აშშ-ს ელჩის ფრიდმანის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ აბასის მთავრობა მხარს უჭერს მკვლელებს

მივესალმები აშშ-ს ელჩის ფრიდმანის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ აბასის მთავრობა მხარს უჭერს მკვლელებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყანაში შეერთებული შტატების ელჩის დევიდ ფრიდმანის განცხადება მოიწონა. განცხადების თანახმად, ელჩმა პალესტინის მთავრობა და პრეზიდენტ მაჰმუდ აბასი ტერორის გაფართოებაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირზე ისრაელელი დაიღუპა. 

„მივესალმები აშშ-ს ელჩის ფრიდმანის განცხადებას, რომელმაც ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა - პირდაპირ და შელამაზების გარეშე: აბასის მთავრობა მხარს უჭერს მკვლელებს, რომელთაც 6 შვილის მამა სიცოცხლეს გამოასალმეს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ძალიან მალე ვიპოვნით მკვლელებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც სამშაბათს უცნობმა პირებმა მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირას, ქალაქ ნაბლუსის რაიონში ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, შედეგად კი 35 წლის რაბინი რაზიელ შევახი დაიღუპა. მას 6 შვილი ჰყავდა.

„6 შვილის მამა მოკლეს პალესტინელმა ტერორისტებმა. ჰამასი მკვლელებს აქებს, პალესტინის მთავრობა კი ფინანსური ჯილდოთი უზრუნველყოფს მათ. აი მიზეზი რატომაც ვერ მყარდება მშვიდობა“, - დაწერა ტვიტერის გვერდზე ელჩმა ფრიდმანმა.