პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თელავის საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თელავის საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება

სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თელავის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს.

ექიმის თქმით ,პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, თუმცა სასიცოცხლო მაჩვენებლები შენარჩუნებული აქვს.

მისივე განცხადებით, მაჩალიკაშვილს ნეიროქირურგიული ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც რამდენიმე საათში დაიწყება.

თემირლან მაჩალიკაშვილი ერთ-ერთია, რომელიც სუს-მა თბილისსა და პანკისის ხეობაში დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავა, თუმცა თავად საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, აყვანისას მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, სცადა ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა, რის გამოც მისი მიმართ პროპორციული ძალა გამოიყენეს.

„თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცველებისათვის. კერძოდ, უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება. იგი ამჟამად ჰოსპიტალიზებულია“, - განაცხადა გიორგობიანმა.

ჯამში, სუს-მა დღეს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.