დუისის რწმუნებული პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი და დაკავებული პირების ვინაობის შესახებ საუბრობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუისის რწმუნებულმა თამარ მარგოშვილმა განუცხადა, მისი ინფორმაციით, სპეცოპერაციის მიმდინარეობისას დაიჭრა დუისელი იმირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც თელავის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„რაც შეეხება დაკავებულებს, აყვანილია კიდევ ერთი დუისელი რუსლან ალხანაშვილი და ომალოელი ბადურ ჩოფიკაშვილი. როგორც ვიცი, ეს სპეცოპერაცია უკავშირდება ახმედ ჩატაევისთვის ხელისშეწყობას," - განაცხადა დუისის რწმუნებულმა თამარ მარგოშვილმა.
თავის მხრივ, „ინტერპრესნიუსს“ თელავის საავადმყოფოში განუცხადეს, რომ დაჭრილს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.
აღსანიშნავია, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის საკითხზე 12:00 საათზე სუს-ში ბრიფინგი დაინიშნა.