არსებული ინფორმაციით, ახმედ ჩატაევთან კავშირში მყოფი პირების ასაყვანად პანკისში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

არსებული ინფორმაციით, ახმედ ჩატაევთან კავშირში მყოფი პირების ასაყვანად პანკისში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

პანკისის ხეობის სოფლებში ომალოსა და დუისში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ პანკისის სათემო რადიო ავრცელებს. მათი ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც დღეს 04:00 საათიდან მიმდინარეობს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სოფელ ომალოში საკუთარ საცხოვრებელ სახლში ბაადურ (ბადო) ჩოფანაშვილი დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, ის ახმედ ჩატაევის ჯგუფისთვის დახმარების გაწევის ბრალდებით არის დაკავებული.

თვითმხილველების თქმით, სახლიდან ამოღებულია იარაღი. ასევე, ჩხრეკა სოფელ დუისში ვახო მაჩალიკაშვილის სახლში მიმდინარეობს. ხეობაში 60-ზე მეტი სპეცრაზმელი არის მობილიზებული. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ დუისში ასევე დააკავეს ტემირლან და რუსლან მაჩალიკაშვილები.

სპეცოპერაცია სავარაუდოდ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 22 ნოემბერს ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციას უკავშირდება.

სუს-ი „ინტერპრესნიუსს“ უდასტურებს, რომ პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, თუმცა დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს.