აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის ორდღიანი საინფორმაციო სესია გაიმართა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობის ორგანიზებით „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" კანონის ამოქმედების პირველი ეტაპის სამუშაოების გაცნობის მიზნით გამართული შეხვედრა თემატური პრეზენტაციებით და დისკუსიის ფორმატით წარიმართა. კანონის იმპლემენტაციის საკითხების და სკოლამდელ დაწესებულებებში განათლების სახელმწიფო პოლიტიკის გაცნობის შემდეგ, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, დღევანდელ საინფორმაციო სესიაზე აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული სტანდარტების შემუშავებაზე, წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის, ასევე რაციონის კვებითი ღირებულებისა და კვების ორგანიზების შესახებ ტექნიკური რეგულაციების შესახებ მოხსენებები მოისმინეს. შეხვედრაზე მსჯელობა და დისკუსია სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის საკითხებზეც გაიმართა, რომელზეც ღონოსძიების მონაწილეებმა კონკრეტული ფაქტები და საკითხები განიხილეს.
ორდღიანი საინფორმაციო შეხვედრა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ შეაჯამა. „ორი დღის განმავლობაში, მუნიციპალიტეტებთან შეხვედრაზე დეტალურად ვისაუბრეთ რა პროცედურებია, რა სტანდარტებია და რას უნდა აკმაყოფილებდეს საბავშვო ბაღები. ეს იყო სასარგებლო და მნიშვნელოვანი ფორმატის შეხვედრები, რადგან სკოლამდელი დაწესებულებების განათლების რეფორმა მთლიანი სისტემის ახალ ეტაპზე გადაყვანას გულისხმობს და იგი რევოლუციური გარღვევა აღნიშნულ სფეროში და ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს დიდი მომზადება სჭირდება. რეფორმას, რომელსაც ჩვენ ორი წლის განმავლობაში ვამზადებდით და 2016 წელს მივიღეთ, უკვე ამოქმედდა მისი დიდი ნაწილი. ეს ნიშნავს იმას, რომ რეფორმის პირველი ეტაპი დაიწყო, დარჩენილია ავტორიზაციის საბოლოო წესის განსაზღვრა, რომელსაც მთავრობა დადგენილებით მიიღებს.
საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობასთან ერთად ვაპირებ დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებსაც შვხვდეთ, რადგან ეს ახალი მუნიციპალიტეტებია და რეალურად აქ არის ის ხალხი, ვინც ეს რეფორმა ბოლომდე, 2020 წლისთვის ჩვენთან ერთად უნდა მიიყვანონ. შესაბამისად, მათი მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმის წარმატებისთვის. ამსთან ერთად, კომიტეტთან არსებული მონიტორინგის საბჭო იმუშავებს აქტიურად და მუნიციპალიტეტებთან ყოველდღიურ კონტაქტი ექნება, რათა მან ყველა ინფორმაცია მიიღონ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.