მიკვირს, ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ პრემიერ-მინისტრად როგორ არ დაგნიშნათ

მიკვირს, ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ პრემიერ-მინისტრად როგორ არ დაგნიშნათ

არ შემიძლია ჩემი აღფრთოვანება არ გამოვხატო, როგორ მოხერხებულად და ლამაზად გამოძვერით თავისუფალი ეკონომიკური ზონის თემიდან, - ასე მიმართა ფინანსთა მინისტრს მამუკა ბახტაძეს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა. საუბარია ბახტაძის პასუხზე ნადირაშვილის თანაგუნდელის, აკაკი ბობოხიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილის კომპანია, რომელიც კრიპტოვალუტებს აწარმოებს, საშეღავათო ფასში იღებს ელექტროენერგიას.

“არ შემიძლია ჩემი აღფრთოვანება არ გამოვხატო, როგორ მოხერხებულად და ლამაზად გამოძვერით თავისუფალი ეკონომიკური ზონის თემიდან. ლამაზი სიტყვებიც მოიშველიეთ - დეოფშორიზაცია, ევროკავშირის რეგულაციები და ა.შ. მე მიკვირს, პირდაპირ პრემიერ-მინისტრად როგორ არ დაგნიშნათ ბიძინა ივანიშვილმა. სასტიკი უსამართლობაა და მალე უნდა გასწორდეს“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ”დატა ცენტრს”, რომელიც მხოლოდ კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს და რომლის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილია, ელექტროენერგია 9 თეთრად მიეწოდება. პარლამენტის დღევანდელ სესიაზე, სადაც 2018 წლის ბიუჯეტს განიხილავენ, ბობოხიძე ფინანსთა მინისტრისგან დაინტერესდა, აქვს თუ არა ამ ცენტრის შესახებ ინფორმაცია და რატომ მიეწოდება ელექტროენერგია 9 თეთრად, როდესაც მთელ საქართველოში მისი საფასური 18 თეთრზე ნაკლებს არ შეადგენს.