კახა კალაძე ნაძვის ხის ირგვლივ მისი საარჩევნო სლოგანის განთავსებასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს

კახა კალაძე ნაძვის ხის ირგვლივ მისი საარჩევნო სლოგანის განთავსებასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს

ჩვენი ქალაქი რომ გახდეს სიცოცხლით სავსე, მგონი ამის წინააღმდეგი ყველაზე მარგინალური პოლიტიკური ჯგუფი, „ნაციონალური მოძრაობაც“ არ იქნება წინააღმდეგი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც თავისუფლების მოედანზე, ნაძვის ხის ირგვლივ მისი საარჩევნო სლოგანის განთავსების შესახებ დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არის დედაქალაქში საახალწლო განათებები პარტია „ქართული ოცნების“ ფერებში და ვისი გადაწყვეტილება იყო, კალაძემ უპასუხა:

„ჩვენ უნდა ვეცადოთ, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ჩვენი ქალაქი გახდეს სიცოცხლით სავსე. მგონი, ამის წინააღმდეგი არავინ იქნება, არც თუნდაც ყველაზე მარგინალური პოლიტიკური ჯგუფი, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“. მე მგონია, რომ მათაც ექნებათ სურვილი, ჩვენი ქალაქი უახლოეს მომავალში იყოს სიცოცხლით სავსე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე ნაძვის ხე ლურჯ ფერებში გუშინ განათდა. ნაძვის ხის ირგვლივ განთავსებულია კახა კალაძის წინასაარჩევნო სლოგანი „სიცოცხლით სავსე ქალაქი“.