სააკაშვილის მიერ ადვოკატების აცილება, დაცვის მხარის ტაქტიკური ნაბიჯი იყო, რაც სასამართლო პროცესის გაჭიანურებას ემსახურება

სააკაშვილის მიერ ადვოკატების აცილება, დაცვის მხარის ტაქტიკური ნაბიჯი იყო, რაც სასამართლო პროცესის გაჭიანურებას ემსახურება

პროკურორის აზრით, მიხეილ სააკაშვილის მიერ ადვოკატების აცილება, დაცვის მხარის ტაქტიკური ნაბიჯი იყო, რომელიც სასამართლო პროცესის გაჭიანურებას ემსახურება. როგორც სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, დაცვის მხარეს ადრეც არაერთხელ ჰქონდა დაფიქსირებული პოზიცია, რომ მათ სურდათ ვადაში გაწელილიყო პროცესი.

ამასთან, როგორც ნადარეიშვილმა აღნიშნა, რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა ბრალდებულის პოზიციას, ადვოკატების აცილებასთან დაკავშირებით დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.

"ადვოკატის აცილებისთვის საჭირო ვერანაირი დოკუმენტი მე დღეს ვერ ვნახე, რომელიც ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის პოზიციას. არც საჯარო განცხადება გაუკეთებია ბრალდებულს ამაზე და არც რაიმე სატელევიზიო ინტერვიუს დროს. ჩვენ მხოლოდ ადვოკატთა სიტყვის კეთილსინდისიერებას ვეყრდნობით და არა რაიმე სახის ოფიციალურ დოკუმენტს ან ბრალდებულის ოფიციალურ განცხადებას", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, დაცვის მხარეს ყველანაირი საშუალება ჰქონდა, რათა მოწმეები დაეკითხა და საკუთარი მტკიცებულებები გამოეკვლია.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სასამართლოებში მიმდინარე სანდრო გირგვლიანის საქმეზე ადვოკატები აიცილა.

ამის საფუძველი სტრასბურგის სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება გახდა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაცვის მხარეს დღეს დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა, თუმცა ადვოკატებმა ბრალდებულის პოზიცია გააჟღერეს და განაცხადეს, რომ სააკაშვილი უნდობლობას უცხადებს ქართულ მართლმსაჯულებას.