”დატა ცენტრი”, რომელიც ”ბიტკოინების” გამომუშავებაზე მუშაობს, ელექტროენერგიას მხოლოდ 9 თეთრად იღებს

”დატა ცენტრი”, რომელიც ”ბიტკოინების” გამომუშავებაზე მუშაობს, ელექტროენერგიას მხოლოდ 9 თეთრად იღებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ”დატა ცენტრს”, რომელიც მხოლოდ კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს და რომლის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილია, ელექტროენერგია 9 თეთრად მიეწოდება. პარლამენტის დღევანდელ სესიაზე, სადაც 2018 წლის ბიუჯეტს განიხილავენ, ბობოხიძე ფინანსთა მინისტრისგან დაინტერესდა, აქვს თუ არა ამ ცენტრის შესახებ ინფორმაცია და რატომ მიეწოდება ელექტროენერგია 9 თეთრად, როდესაც მთელ საქართველოში მისი საფასური 18 თეთრზე ნაკლებს არ შეადგენს.

”როდესაც ჩვენ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს ვქმნიდით ქვეყანაში, ვიცოდით რა იყო ამის მიზეზი და რატომ ვუქმნიდით შეღავათიან პირობებს გარკვეულ ტერიტორიებზე საწარმოებსა და იურიდიულ პირებს. ამის მიზეზი იყო, რომ გვინდოდა ქვეყანაში ყოფილიყო მეტი სამუშაო ადგილი. მე მაინტერესებს, იცით თუ არა იმ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ რომელსაც ”დატა ცენტრი” ჰქვია და რომელიც მუშაობს მხოლოდ ”ბიტკოინების” გამომუშავებაზე და ეს ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ქვეყნიდან ღებულობს 9-თეთრიან დენს და დენის გარდა მას იქ არაფერი ხარჯი არ აქვს. მაინტერესებს რა ინტერესი ჰქონდა სახელმწიფოს, როდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს მისცა განსაკუთრებული სტატუსი, რომ მან იშოვოს მხოლოდ ფული - კრიპტოვალუტის მეტს ეს ”დატა ცენტრი” არ აკეთებს არაფერს. მაინტერესებს რა სამაგიერო ხეირი აქვს სახელმწიფოს, რამდენი ადამიანია დასაქმებული, რომ ამის გამო მილიარდერს ვაძლევთ დენს 9 თეთრად”, - განაცხადა ბობოხიძემ.