გასაგებია, რომ არაფერი დაგიშავებიათ თქვენ და თქვენ პოლიტიკურ ლიდერს, ეს ქვეყანა 9-10 წელი ყვაოდა და დემოკრატიის შუქურა იყო

გასაგებია, რომ არაფერი დაგიშავებიათ თქვენ და თქვენ პოლიტიკურ ლიდერს, ეს ქვეყანა 9-10 წელი ყვაოდა და დემოკრატიის შუქურა იყო

გასაგებია, რომ არაფერი დაგიშავებიათ თქვენ და თქვენ პოლიტიკურ ლიდერს, გასაგებია, რომ ქვეყანა ყვაოდა 9-10 წლის განმავლობაში და საქართველო იყო დემოკრატიის შუქურა, მაგრამ, ყველამ კარგად ვიცით რეალურად რა ხდებოდა, - ასე მიმართა ფრაქცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს რომან გოცირიძეს. როგორც მამუკა მდინარაძემ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაზე საუბრისას აღნიშნა, დანაშაულია არა კონსტიტუციური უფლების გამოყენება, არამედ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარ დაპირება გარკვეული მოცემულობების შესრულების შემთხვევაში ამა თუ იმ შედეგის დადგომაზე.

”თქვენ იურისტი არ ბრძანდებით, მაგრამ მაინც არ გეპატიებათ ასე პირდაპირ მოტყუება ჩვენი თანამოქალაქეების. გასაგებია, რომ არაფერი დაგიშავებიათ თქვენ და თქვენს პოლიტიკურ ლიდერს, ყვაოდა ეს ქვეყანა 9-10 წლის განმავლობაში, ადამიანის უფლებები იყო დაცული და შუქურა იყო ქვეყანა დემოკრატიის. ეს ვიღაცეებმა, რამდენიმე ათეულმა თუ ასეულმა ადამიანმა დაიჯერა. რეალურად ხომ ყველამ კარგად ვიცით რა ხდებოდა. მე როგორც იურისტმა, შემიძლია გითხრათ, რომ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება კი არ არის დანაშაული, დანაშაული არის კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარ დაპირება გარკვეული მოცემულობების შესრულების შემთხვევაში ამა თუ იმ შედეგის დადგომაზე. ამაზე წინასწარ არ ვილაპარაკებ, რადგან საქართველოში თქვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, არის ობიექტური სასამართლო და თუ დადასტურდება ამას ბეჭედს დაუსვამს სასამართლო. ამით დადასტურდება რეალური სახე თქვენი ხელისუფლების და თქვენი ლიდერის”, - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძე გამოეხმაურა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებსაც. მისი თქმით, ამ განცხადებების პარადუქსულობა ყოველგვარ ზღვარს მიღმაა.

”ძალიან ცუდია, როდესაც რომელიმე პოლიტიკურ ძალას ქვეყანაში უჩნდება იმის სურვილი, რომ მიუხედავად სიმართლისა, მიუხედავად იმისა, რომ მათ კარგად იციან, რომ სამომავლო საკითხებთან დაკავშირებით წარმატებული კონსტიტუცია გვაქვს, ცდილობენ ხალხს ჰქონდეს განცდა, რომ ყველაფერი ისე არ არის. ხომ შეიძლება გვეყოს ძალა კონსტიტუციასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების და მსგავს საკითხებთან მიმართებაში ვთქვათ სიმართლე და აქაც ჩვენი ვიწრო, მერკანტილური ამოცანები არ ჩავდოთ და არ ეგონოს თუნდაც ერთ ადამიანს ქვეყანაში, რომ კონსტიტუციაში არის ხარვეზიანი ჩანაწერები. ეს ლოგიკა არის ყოველგვარ გონივრულ ზღვარს მიღმა, პარადუქსულობა ამ განცხადებების არის ყოველგვარ ზღვარს მიღმა და ყველას ვთხოვ, ყველა პოლიტიკოსს, რომ ვთქვათ სიმართლე კონსტიტუციასთან დაკავშირებით, რომ გვაქვს ეროვნულ ღირებულებებზე ორიენტირებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია”, - აღნიშნა მდინარაძემ.