მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ მისი კონსტიტუციური უფლებების გამოყენების გამო, კუბაშიც არ მომხდარა ფაქტი, რომ პრეზიდენტი გაესამართლებინოთ შეწყალების აქტის განხორციელებისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მორაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი შეფასებით, საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი აბსურდულია.
„ახლა, როდესაც ჩვენი სხდომა მიმდინარეობს, „ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციას მართავს საქალაქო სასამართლოსთან. დღეს მიმდინარეობს დასკვნითი სასამართლო სხდომა, რომელიც ეხება საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შეთითხნილ ერთ-ერთ საქმეს. პირდაპირ ტელევიზიით უყურებდა მთელი საქართველო იმ მოვლენებს, რაც ხდებოდა უკრაინაში და დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გულშემატკივრობდა მიხეილ სააკაშვილს და არაა გამორიცხული, რომ თქვენც მიჯაჭვული იყავით სატელევიზიო ეკრანებს და ალბათ ხმამაღლა თუ არა გულში მაინც დაუკარით ტაში როდესაც იმ მოკლე პერიოდში სამართლიანობამ გაიმარჯვა. უსამართლო დევნა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კვლავ გრძელდება უკრაინაში. ორი აბსურდული მაგალითი მინდა მოვიყვანო. რაც არ შეიძლება 21-ე საუკუნეში ნებისმიერი დემოკრატიული და თუნდაც არადემოკრატიულ ქვეყანაში მოხდეს გარდა ჩრდილოეთ კორეისა. უკრაინაში პატიმრობას ითხოვდა პროკურატურა იმის გამო, რომ თურმე სააკაშვილს რომელიღაც სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებიდან ემუქრებოდა სიკვდილი. ამიტომ მასზე ზრუნვის გამო, გადაწყვიტეს, რომ ჩაეკეტათ სახლში, შინაპატიმრობაში. ასეთი აბსურდი არ შეიძლება სადმე განმეორდეს. მსგავსი აბსურდი ხდება დღეს საქალაქო სასამართლოსთან. მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ მისი კონსტიტუციური უფლებების გამოყენების გამო. დედამიწის ზურგზე, კუბაშიც, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებშიც არ მომხდარა ფაქტი, რომ პრეზიდენტი გაესამართლებინოთ შეწყალების აქტის განხორციელებისთვის. პრეზიდენტმა რომელმაც გაუნახევრა პატიმრობის ვადა ძალოვან სტრუქტურებში 179 ნამუშევარ ადამიანს, რომლებმაც მიიღეს საომარ მოქმედებებში მონაწილეობა და სწორედ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების შესრულების გამო, დღეს მიმდინარეობს ეს აბსურდული სასამართლო“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნაა, რომ შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის აბსურდული საქმეები და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა.