1-ელი იანვრიდან სასამართლო საქმეთა ელექტრონული განაწილების წესზე ვერ გადავა და ამ ნორმის ამოქმედება გადავადდება

1-ელი იანვრიდან სასამართლო საქმეთა ელექტრონული განაწილების წესზე ვერ გადავა და ამ ნორმის ამოქმედება გადავადდება

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ხათუნა გოგორიშვილი ვარაუდობს, რომ 2018 წლის 1-ელი იანვრიდან სასამართლო საქმეთა ელექტრონული განაწილების წესზე კვლავ ვერ გადავა და ამ ნორმის ამოქმედება ისევ გადავადდება. გოგორიშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2017 წლის 1-ელ ივნისამდე უნდა დაემტკიცებინა აღნიშნული წესი, თუმცა არ დაუმტკიცებია. გოგორიშვილმა შესაბამისი კითხვით რა ხდება ამ ნორმის ამოქმედებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარეს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა.

”ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია ის კითხვის ნიშნები, რომელიც აქვს ქართულ სასამართლოს, რაც შეიძლება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასამართლო საქმიანობას, არის საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი. საერთო სასამართლოების მოქმედი კანონის მიხედვით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 1-ელ ივნისამდე უნდა დაემტკიცებინა აღნიშნული წესი, თუმცა დღეს, 13 დეკემბერია და მსგავსი არანაირი წესი დამტკიცებული არ არის. უფრო მეტიც, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან, საქართველოს ყველა სასამართლო უნდა გადავიდეს საქმის ელექტრონული განაწილების წესზე. მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას, იქნებ მოიკითხოთ თუ რა ხდება ამ ნორმასთან დაკავშირებით? გვექნება თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ 2018 წლიდან საქმე არ განაწილდეს ისე თუ ვინ ვის მიმართ როგორ არის განწყობილი, არამედ როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში - შემთხვევითი პრინციპის საფუძველზე მოხდეს. ჩემი ინფორმაციით, საუბარია ისევ იმ პრობლემაზე, რაზეც იუსტიციის მინისტრმა შარშან ისაუბრა, რომ კომპიუტერული პროგრამა საკმაოდ რთულია, ამას უნდა მომზადება. ძალიან დიდი ალბათობით აღნიშნული ნორმა ისევ უნდა გადავადდეს და სასამართლოებში კვლავ ხელით გადანაწილდება საქმეები. კიდევ ერთხელ ამ საკითხის გადავადება იქნება ძალიან დიდი მინუსი და პრობლემა ქართული სასამართლოსთვის”, - განაცხადა გოგორიშვილმა.