კრიზისების მართვის საბჭო მხოლოდ პრეზიდენტთან ქიშპობის გამო იყო თავის დროზე შექმნილი, რომელმაც 15 მილიონ ლარამდე გაფლანგა

კრიზისების მართვის საბჭო მხოლოდ პრეზიდენტთან ქიშპობის გამო იყო თავის დროზე შექმნილი, რომელმაც 15 მილიონ ლარამდე გაფლანგა

უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტთან ქიშპობის გამო იყო თავის დროზე შექმნილი, რომელმაც 15 მილიონ ლარამდე გაფლანგა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ახალმიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე, პირველი მოსმენით მსჯელობენ.

„უშიშროების საბჭოს გაუქმებისას ერთადერთ არგუმენტად მოგყავდათ თქვენი უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს არსებობა. გვიმტკიცებდით, რომ ქვეყნის უსაფრთხოება მართლაც უმნიშვნელოვანესი იყო „ქართული ოცნებისთვის“. ამის საკოორდინაციოდ მთავრობასთან და პრემიერ-მინისტრთან შექმნილი იყო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო და ეს საბჭო განახორციელებდა იმ ფუნქციებს, რასაც ეროვნული უშიშროების საბჭო ახორციელებდა. ახლა, სამთავრობო ცვლილებების დროს აღმოვაჩინეთ და თავად მთავრობის საპარლამენტო მდივანი გვიცხადებს, რომ უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო უფუნქციო ორგანო იყო. გამოდის, რომ გასული 3 წლის განმავლობაში ტყუილად იფუნქციონირა და დღეს მთავრობამ გადაწყვიტა თავად აიღოს ეს ფუნქცია თავის თავზე ისე, რომ უსაფრთხოების გამოწვევებში არაფერი შეცვლილა, მსოფლიოში არაფერი შეცვლილა, ქვეყნის შიგნით არაფერი შეცვლილა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმებისთვის იქნა მხოლოდ და მხოლოდ ამ უსაფრთხოების საბჭოს არსებობა გამოწვეული. მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტთან ქიშპობის გამო იყო თავის დროზე შექმნილი, რომელმაც 15 მილიონ ლარამდე გაფლანგა, რომლის ნახევარზე მეტი მხოლოდ და მხოლოდ ხელფასები იყო“, - განაცხადა აბესაძემ.