ჩვენი მიზანია, ერთობლივი ძალისხმევით შევინარჩუნოთ ძლიერი ევროპა, რომელიც მზად იქნება, კარი გაუღოს საქართველოს

ჩვენი მიზანია, ერთობლივი ძალისხმევით შევინარჩუნოთ ძლიერი ევროპა, რომელიც მზად იქნება, კარი გაუღოს საქართველოს

ყველა ჩვენგანის მიზანია, ერთობლივი ძალისხმევით შევინარჩუნოთ ერთიანი, ძლიერი ევროპა, რომელიც, სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში, მზად იქნება, კარი გაუღოს საქართველოს და სხვა ევროპულ სახელმწიფოებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მისთვის უდიდესი პატივია, რომ მიეცა საშუალება, მიესალმოს ამ უმნიშვნელოვანესი კონფერენციის მონაწილეებს.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის მოხარულია, რომ თბილისი კიდევ ერთხელ მასპინძლობს ამ შესანიშნავ ღონისძიებას, რომელიც წელს 17 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციას აერთიანებს.

მთავრობის მეთაურმა სტუმრებს საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე მან მალდობა გადაუხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, მის თავმჯდომარეს თამარ ხულორდავას, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, გაერო-ს განვითარების პროგრამას და ყველას, ვისი ძალისხმევითაც იმართება დღევანდელი კონფერენცია.

„დღევანდელი შეკრება გამორჩეულია იმით, რომ ერთ სამუშაო სივრცეში აერთიანებს ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებს, ევროპარლამენტის წარმომადგენლებს და ასევე, ცნობილ ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ასეთი მრავალფეროვნება გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის, ასევე პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ საერთო გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს ევროკავშირი და მისი სამეზობლო დგას. წელს ევროპულ პროექტს 60 წელი შეუსრულდა. ამ უპრეცედენტო იდეის წარმატებამ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა მოუტანა ევროპის კონტინენტს, ხოლო მეზობელ სახელმწიფოებს ამ საერთო ძალისხმევაში მონაწილეობის სურვილი გაუჩინა. ევროგაერთიანების ფუძემდებლური პრინციპები დღეს ისე აქტუალურია, როგორც არასოდეს, განსაკუთრებით კი ჩვენთვის - ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ევროკავშირის ერთიანობა და სიმტკიცე ისევე გვაღელვებს, როგორც თავად გაერთიანების წევრებს. ყველა ჩვენგანის მიზანია, ერთობლივი ძალისხმევით შევინარჩუნოთ ერთიანი, ძლიერი ევროპა, რომელიც, სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში, მზად იქნება, კარი გაუღოს საქართველოს და სხვა ევროპულ სახელმწიფოებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.