ქართველი ხალხის და ხელისუფლების ურყევი პოლიტიკური ნებაა, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი

ქართველი ხალხის და ხელისუფლების ურყევი პოლიტიკური ნებაა, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი

ათწლეულების განმავლობაში, ევროკავშირი იყო და არის მშვიდობის, თანამშრომლობისა და სტაბილური განვითარების უნიკალური მოდელი - იგი უკვე დიდი ხანია, გასცდა მხოლოდ ეკონომიკური ორგანიზაციის ფარგლებს და გახდა თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიის გარანტია ევროპულ სივრცეში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კონფერენციის “ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის” გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განცხადა.

მისივე თქმით, ღირებულებითი თანხვედრის გარდა, საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაცია პრაგმატულ არგუმენტებსაც ეფუძნება და ევროპული ოჯახის წევრობა ნიშნავს მშვიდობიან, სამართლის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, ფუნქციონირებად ეკონომიკას, თვითრეალიზების საშუალებას ყველა თაობისთვის და საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის.

“ქართველი ხალხის და ჩვენი ხელისუფლების ურყევი პოლიტიკური ნებაა, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ეს მიზანი სათანადოდ აისახა საქართველოს პარლამენტის მიერ გასული წლის დეკემბერში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ მიღებულ სპეციალურ საპარლამენტო რეზოლუციაში, რომლითაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩვენს მთავარ საგარეო პრიორიტეტად და ამოცანად დაფიქსირდა. უფრო მეტიც, წელს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის საფუძველზე, ყველა ორგანოს კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.