საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დაწყებისას დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბათუმის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნას.

საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტს, რომელიც დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო. დოკუმენტის წარდგენისას მომხსენებელმა იმ მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება, რამაც ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებები განაპირობა.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, წარმოდგენილ დოკუმენტში ცვლილებების თანახმად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი განსაზღვრულია 4,5%-ით. მისივე თქმით ზუსტდება მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი, რომელიც  37,5 მლრდ. ლარით განისაზღვრა.  ყოველივე ეს კი, მისივე თქმით, დამატებით შემოსავლებს იწვევს.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმიური მაჩვენებელი 200.0 მლნ ლარით იზრდება და განახლებული პროგნოზი 9 740.0 მლნ ლარს შეადგენს. სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებლის პროგნოზი იზრდება 160.0 მლნ ლარით და შეადგენს 8 980.0 მლნ ლარს.

წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, გრანტების სახით დაგეგმილი მაჩვენებლები იზრდება 46.7 მლნ ლარით და განისაზღვრება 331.2 მლნ ლარით. არაფინანსური და ფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა არ იცვლება და რჩება იგივე მოცულობით რაც დაგეგმილი იყო დამტკიცებულ ბიუჯეტში.

რაც შეეხება ვალდებულებების ზრდის მაჩვენებელს, მისაღები სახსრების გეგმა შემცირებულია 176.7 მლნ ლარით, რაც საბიუჯეტო დახმარების სახით მისაღებ კრედიტებს უკავშირდება.

„რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილს, ცვლილებები განპირობებულია  2018 წელს განსახორციელებელი ღონისძიებებით. ასიგნებები იზრდება 305.0 მლნ ლარით და 11 720.5 მლნ ლარით განისაზღვრება", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე განმარტებით, არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გათვალისწინებული ასიგნება გაზრდილია 8.2 მლნ. ლარით, ხოლო ფინანსური აქტივების კი გაზრდილია 250.9 მლნ ლარით;

დოკუმენტის თანახმად, ვალდებულებების კლება შეადგენს 526.2 მლნ ლარს, საიდანაც 431.0 მლნ. ლარი მიმართული იქნება საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების ხოლო 95.2 მლნ ლარი - საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების  დაფარვაზე.

მომხსენებლის ინფორმაციით, მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით დამატებითი ასიგნებები შემდეგნაირად არის გადანაწილებული:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ხდება 106.0 მლნ ლარის დამატება, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება: ბიზნეს-სახლის მშენებლობა; ქუთაისის აეროპორტის მშენებლობა;  მთის კურორტების ინფრასტრუქტურა

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება გაზრდილია 65.0 მლნ ლარით, მათ შორის:  სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციისათვის დამატებით გათვალისწინებულ იქნა 35.0 მლნ ლარი, ხოლო აზიურ ფაროსანასთან წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით დამატებით გათვალისწინებულ იქნა 35 მლნ ლარი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 30 მლნ ლარით, მათ შორის:           წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის დამატებით გათვალისწინებულია 16.0 მლნ ლარი; მყარი ნარჩენების პროექტის თანადაფინანსებისთვის დამატებით გათვალისწინებულია 9.0 მლნ ლარი; საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის დამატებით გათვალისწინებულია 5.0 მლნ ლარი;

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის მატება არის 10 მლნ ლარის ოდენობით,  რაც გათვალისწინებულია სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაფინანსებისთვის, შესაბამისად შესაძლებელია ამავე თანხით შემცირდეს მომდევნო წლის ასიგნებები;

ენერგეტიკის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრა 197.3 მლნ ლარით, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით სამინისტროს ბიუჯეტი გაზრდილია 65.0 მლნ ლარით, მათ შორის: გაზიფიცირებისთვის საჭირო ღონისძიებების დაფინანსებისთვის დამატებით გათვალისწინებულია 50.0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებში სამუშაოები განხორციელდება მომდევნო წლის განმავლობაში და შესაძლებელი იქნება მომდევნო წელს გათვალისწინებული 30.0 მლნ ლარის შემცირება და მისი მიმართვა სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად; 2018 წელს დონორების მიერ დასაფინანსებელი პროექტების (რომლებსაც ახორციელებენ სახელმწიფო კომპანიები) თანადაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 15.0 მლნ ლარი და აღნიშნული თანხა შემცირდება 2018 წლის ბიუჯეტში;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნება დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 15.0 მლნ ლარით, რაც დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ასიგნება დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით  გაზრდილია 5.0 მლნ ლარით.

„დეფიციტი შეადგენს 1,5 მლნ. ლარს, რაც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ გასული წლის მეორე ნახევრიდან საქართველოს მთავრობამ უცხო ქვეყნებში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების ხარჯების დაფინანსება დაიწყო. როსთვისაც, ბიუჯეტის დაგეგმვისას პროგნოზირებულთან შედარებით მეტი თანხის მიმართვა გახდა საჭირო. გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყანში მიზანშეწონილია წინსწრებით მოხდეს საელჩოს შენობის იჯარის ქირის დაფარვა, რაც საშუალებას იძლევა დაიზოგოს საბიუჯეტო სახსრები (რიგ ქვეყნებში არსებული მოლაპარაკებების შესაბამისად, წინსწრებით გადახდის შემთხვევაში იჯარის ფასი მცირდება)", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება 4.0 მლნ ლარით იზრდება. აღნიშნული თანხით იზრდება შრომის ანაზღაურების ფონდი, რითაც ხდება იმ თანხის კომპენსირება, რომელიც სამინისტრომ მიმდინარე წლის ზაფხულში ბორჯომში სახანძრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული თანამშრომლების წახალისებისთვის მიმართა;

მომხსენებლის ინფორმაციით, ასიგნებების შემცირება ხდება ორი მიმართულებით.  ეს ეხება  საერთო სასამართლოებს და საშინაო ვალდებულებების პროცენტის ხარჯს.

საერთო სასამართლოებისთვის განსაზღვრული ასიგნებები მცირდება 10.0 მლნ ლარით. „აღნიშნული თანხა გათვალისწინებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის ახალი შენობის მშენებლობისთვის, თუმცა, მშენებლობა დასრულებული არ არის ამიტომ ამ თანხის ათვისება წელს ვერ ესწრება", - განმარტა გიორგი კაკაურიძემ.

მომხსენებლის ინფორმაციით, საშინაო სესხების მომსახურებისთვის გათვალისწინებული ასიგნებები 9.9 მლნ ლარით მცირდება, მისივე განმარტებით, ეკონომია წარმოიქმნა საპროცენტო განაკვეთების შემცირებიდან გამომდინარე.

როგორც გიორგი კაკაურიძემ განმარტა, ჯამში წარმოდგენილი ცვლილებები ნაერთი ბიუჯეტისთვის საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას ითვალისწინებს.

„2017 წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო ბიუჯეტის (მოდიფიცირებული) დეფიციტის 3.7%-იან მაჩვენებელზე, ხოლო წარმოდგენილი  ცვლილებების შემდგომ საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი შემცირდება მშპ-ს 3.4%-მდე, თუმცა ფაქტიური შესრულების მიხედვით შესაძლებელია კიდევ უფრო დაბალ მაჩვენებელს მივაღწიოთ", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.