„ყარაბაღის შესაძლო ომში რუსული ჯარი ჩაერევა“

„ყარაბაღის შესაძლო ომში რუსული ჯარი ჩაერევა“

მთიანი ყარაბაღის ფრონტზე მდგომარეობა უცვლელია. ბაქო და ერევანი უკვე ორი ათწლეულია ვერანაირ შეთანხმებას ვერ აღწევენ. კრემლი ორივე მხარესთან სამხედრო–პოლიტიკური თამაშით, საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების რეალიზაციას ახდენს. 

პრეზიდენტ მედვედევის მიწვევით, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები ასტრახანში შეხვდნენ ერთმანეთს. სამმხრივ შეხვედრაზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხი განიხილეს. მოლაპარაკების ერთადერთი შედეგი ის არის, რომ მხარეები ტყვეების და დაღუპულების გაცვლაზე შეთანხმდნენ.  

ბაქო და ერევანი შეთანხმდნენ გაცვალონ ის სამხედრო ტყვეები, რომლებიც მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული კონფლიქტის პერიოდიდან შემორჩათ. ალიევსა და სარგსიანს შორის მედვედევის შუამავლობით გამართული შეხვედრა პირველი იყო მას შემედეგ, რაც ყარაბაღში ვითარება გამწვავდა.

მედვედევის განცხადებით, შეხვედრაზე აშკარად შეინიშნებოდა, რომ მხარეებს საკამათო ტერიტორიების გამო მრავალწლიანი ომის დასრულება სურთ. რუსეთის ლიდერის თქმით, პატიმართა გაცვლა „თუნდაც მცირედი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, რომელიც მშვიდობის მიმართულებით გადაიდგა. კონფლიქტის მოგვარებისკენ პირველი ნაბიჯები, მედვედევის თქმით, შესაძლოა, ეუთო-ს სამიტამდე შეთანხმდეს. სამიტი ყაზახეთში 1-2 დეკემბრისთვის არის დანიშნული.

რაც შეეხება მხარეების პოზიციას, ოფიციალური ერევანი, ისევე როგორც ოფიციალური ბაქო რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრას „სასარგებლოდ“ აფასებენ.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ედვარდ ნალბანდიანის განცხადებით – „ისევე, როგორც ყველა წინა შეხვედრა, მედვედევის, ალიევისა და სარგსიანის ასტრახანის მოლაპარაკებებიც სასარგებლო და მნიშვნელოვანი იყო“.

ასტრახანში შეხვედრა დადებითად შეაფასა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებრივ–პოლიტიკური საკითხების განყოფილების ხელმძღვანელმა ალი გასანოვმა. მისი თქმით აღნიშნულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმება ტყვეების გაცვლის და დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების დაბრუნების თაობაზე ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვის.

„ალიევისა და სარგსიანის მიერ გაკეთებული განცხადებები „ფრთხილი ოპტიმიზმის ნიშნებს შეიცავს“, - განაცხადა აზერბაიჯანის პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ აიდინ მირზაზადემ. „ასეა თუ ისე, გვსურს, დავიჯეროთ, რომ სომხეთი მისთვის მიცემული შანსით ისარგებლებს,“ - დასძინა აზერბაიჯანელმა პარლამენტარმა.

იმ პატიმართა საერთო რაოდენობა, რომელთა გაცვლაზეც შეთანხმებაშია საუბარი, არც ისე დიდია - თითოეული მხარისგან 10-ზე ნაკლები. თუმცა, როგორც კრემლის პრესსამსახურში აცხადებენ, მნიშვნელოვანია არა ადამიანთა რაოდენობა, არამედ ის, რომ შეთანხმების მიღწევა მოხერხდა. ასტრახანში მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს 2010 წელს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრებს დაუბრუნებენ.

აზერბაიჯანი ოფიცრისა და პროპორშიკის ცხედრების დაბრუნებას ითხოვს. ერთი მათგანი ყარაბაღში მომხდარ შეტაკებებში ჯერ კიდევ ივნისში დაიღუპა, მეორე კი - სექტემბრის დასაწყისში.

თავის მხრივ სომხეთი ითხოვს იმ სამხედრო ტყვის ცხედრის დაბრუნებას, რომელმაც, ოფიციალური ბაქოს ვერსიით, ოქტომბრის დასაწყისში აზერბაიჯანულ ციხეში თავი მოიკლა. სომხეთში კი ფიქრობენ, რომ იგი ან ტყვეობაში მოკლეს, ან წამების მსხვერპლი გახდა.

შეხვედრის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მისი გამართვის რეალურ მიზეზს კი რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის დირექტორი ჰრაირ თამრაზიანი ასე აღწერს: 

„ამ სამიტს მე სასწრაფო, გადაუდებელ შეხვედრას ვუწოდებდი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა დანიშნა, ვინაიდან კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება ძალიან დაძაბულია. თითქმის ყოველ კვირაში ორივე მხარე სნაიპერების ან სპეციალური დანაყოფების მიერ თავიანთი ჯარისკაცების მოკვლის შესახებ აცხადებს. ორივე მხარე სულ უფრო მეტს ლაპარაკობს მოწინააღმდეგის მიერ „დაუკონკრეტებელი ზომების“ გატარების შესაძლებლობაზე“.

პროცესს თან ერთვის სომხეთისა და აზერბაიჯანის შიგნით დაძაბულობის მატებაც, რისი ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია აზერბაიჯანის მიერ თავდაცვის ბიუჯეტის მუდმივი ზრდა. მოცემულ ეტაპზე ამ ქვეყანაში თავდაცვის სფეროს დაფინანსება 2.5 მილიარდ დოლარს უტოლდება და მომავალ წელს შეიძლება კიდევ გაიზარდოს. ეს მაშინ, როცა სომხეთის სახელმწიფოს მთლიანი ბიუჯეტი დაახლოებით 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. 

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის დირექტორი, ქენან ალიევი, ამბობს: „1994 წელს ზავის გამოცხადების შემდეგ აზერბაიჯანში უცვლელია განწყობა, რომ ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ტერიტორიას აუცილებლად დავიბრუნებთ. პოლიტიკოსები ყოველთვის იყენებენ ამ განწყობას. ვფიქრობ, მთავრობა მშვიდობის იდეის ხელშეწყობისთვის საკმარისს არ აკეთებს“, - ამბობს ქენან ალიევი და დასძენს: 

„აზერბაიჯანითავდაცვის ბიუჯეტს სულ უფრო მეტად ზრდის, რაც მოწმობს, რომ მთავრობა არასოდეს გამორიცხავს ამ კონფლიქტის სამხედრო ძალით გადაჭრის შესაძლებლობას. ბიუჯეტი ახლა 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, მომავალ წელს კი 3 მილიარდს გადააჭარბებს. პრეზიდენტ ალიევის განცხადებით, ეს სომხეთის მთელ ბიუჯეტს აღემატება. აზერბაიჯანმა ეს ტაქტიკა აირჩია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რაც საქართველოში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში - მოხდა, ბაქოში ბევრს ესმის, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი არ არის. რეგიონში არსებული კონფლიქტების უკან ძირითადად რუსეთი დგას და სწორედ მას მიეცემა ბოლო სიტყვის თქმის საშუალება ამგვარ შეიარაღებულ კონფლიქტში“.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სრულად მოგვარებას ახლო მომავალში არავინ ელის. თუმცა, როგორც ასტრახანის შეხვედრის შემდეგ დმიტრი მედვედევმა განაცხადა, სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების „მთავარ პრინციპებზე“ შეჯერება შეიძლება დეკემბრის დასაწყისში ასტანაში დანიშნულ ეუთის სამიტამდე მოხდეს. 

ვითარებას, ცხადია, ისიც ართულებს, რომ რუსეთის მხრიდან ამ კონფლიქტში შუამავლის როლის შესრულება თავად წარმოადგენს კომპლექსურ საკითხს. 

„ბაქოში ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ რუსეთს ამ კონფლიქტის მოგვარება სათავისოდ ხელსაყრელი პირობებით სურს და ამან შესაძლოა რუსეთის ე.წ. მშვიდობის დამცველების დაბრუნებაც მოიცვას მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. ამას კი ბაქო დადებითად არ შეხვდება, -ამბობს ქენან ალიევი. - ამასთან, ამ კონფლიქტის მოგვარების სანაცვლოდ რუსეთმა შესაძლოა სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც უფრო მეტი მხარდაჭერა სთხოვოს მოსკოვის მიერ საქართველოსთან მიმართებით გატარებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით“.

„თუ სომხეთის მთავრობა გვთხოვს, რუსეთის ჯარის ჩარევა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტში ალბათ იქნება“ - ეს განცხადება რუსეთის დუმის დეპუტატმა, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ გააკეთა კითხვაზე პასუხის გაცემისას თუ რამდენად შესაძლებლად მიიჩნევს იგი მთიან ყარაბაღში ცეცხლის გახსნის შემთხვევაში სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზის წარმომადგენელთა ჩარევას კონფლიქტში.

 მისივე თქმით, მართალია, ასეთი რამ მას ნაკლებსავაუდოდ მიაჩნია, თუმცა თუ ასეთი რამ მოხდა, ყველაფერი სომხეთის მთავრობაზე იქნება დამოკიდებული. 

„მათ რომ დახმარება მოითხოვონ, სრულიად შესაძლებელია, რომ ამგვარი მოქმედებები მართლაც განხორციელდეს ძალით მშვიდობის დამყარების ფარგლებში. ამასთან ერთად ეს მოქმედებები მიმართული იქნება მხოლოდ და მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ. ყარაბაღის კონფლიქტის დროს უკვე დაიღუპა 25 ათასი ადამიანი“, – აცხადებს ჟირინოვსკი და აღნიშნავს, რომ, მისი აზრით, ყოველივე ამის გათვალისწინებით ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტის გზის პოვნა ძალიან რთული იქნება.

მთიანი ყარაბაღი ფორმალურად აზერბაიჯანის ნაწილია, თუმცა 1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარი ომის შემდეგ ოლქზე კონტროლს ეთნკური სომხები ინარჩუნებენ.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც ძირითადად სომხებით დასახლებულმა მათიანმა ყარაბახმა აზერბაიჯანის სსრ-დან გამოსვლის შესახებ განაცხადა.

1991 წელს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების შეჩერება მხოლოდ 1994 წლის 12 მაისს მოხერხდა - მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა შეთანხმებას მშვიდობის შესახებ. თვითგამოცხადებული რესპუბლიკა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია, მათ შორის - არც სომხეთს. რამდენიმეწლიანი ომის განმავლობაში 30 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მილიონზე მეტი კი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გამო, დღემდე რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ს მონაწილეობით წარუმატებელი სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს.