სასტუმრო "ლეოგრანდის" მფლობელი ეროლ ავგორენი ხვალ, ბათუმში, ერას მოედანზე განცხადებას გააკეთებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” კომპანიის იურისტმა კახა წერეთელმა განუცხადა, სასტუმრო "ლეოგრანდის" მფლობელი ეროლ ავგორენი გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრებს.
”ხვალ გლოვის დღე სასტუმრო "ლეოგრანდის" მფლობელი ეროლ ავგორენი განცხადებას გააკეთებს იმასთან დაკავშირებით, რაც 24 ნოემბერს მოხდა - მიუსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს. გარდა ამისა, გააჟღერებს საკუთარ წინადადებებს, თუ როგორ ხედავს კომპანია ამ ოჯახებთან ურთიერთობას”, აღნიშნა წერეთელმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა. გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ოფიციალური ინფორმაციით, ხაძრის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზაცია 22 ადამიანს დასჭირდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.