როგორც მინიმუმ, იმის უკეთ ჩვენება შეიძლებოდა, რომ საგარეო უწყებას უკრაინაში მყოფი ქართველების ბედ-იღბალი აღელვებს

როგორც მინიმუმ, იმის უკეთ ჩვენება შეიძლებოდა, რომ საგარეო უწყებას უკრაინაში მყოფი ქართველების ბედ-იღბალი აღელვებს

როგორც მინიმუმ, იმის უკეთ ჩვენება შეიძლებოდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს აღელვებს საქართველოს მოქალაქის ბედ-იღბალი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ სერგი კაპანაძემ განუცხადა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს და მისი საკონსულო დეპარტამენტის რეაგირება იმ პრობლემებზე, რომელიც ბოლო დროს საქართველოს მოქალაქეებს ექმნებათ უკრაინაში, მათ შორის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის არ შეშვება, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის არ შეშვება, საქართველოს 8 მოქალაქის დეპორტაცია და სხვა, ადეკვატური არ ყოფილა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნამდვილად უნდა მიხედოს ამ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური ნიშანი აქვთ და რა პოლიტიკური მსოფლმხედველობის არიან ისინი და იზრუნოს, რომ მათი უფლებები იყოს დაცული. რეაგირების სხვადასხვა ინსტრუმენტი არსებობს, მაგრამ, როგორც მინიმუმ იმის ჩვენება, რომ აღელვებთ საქართველოს მოქალაქის ბედ-იღბალი, უკეთ შეიძლებოდა. სამწუხაროდ, ყველას დარჩა შთაბეჭდილება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არ იყო დაინტერესებული ამ ადამიანების ბედით, იმიტომ რომ რამდენი ხანია ეს პრობლემა გრძელდება და არ ვიცით, რა რეაქცია იყო. ან თუ ჰქონდათ რეაქცია, მაგალითად საელჩომ დემარში გააკეთა ან რამე მსგავსი, ამის შესახებ ინფორმაცია მაინც უნდა გაევრცელებინათ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში პოლიტიკური ნიშანი იკვეთება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

უკრაინიდან საქართველოს კიდევ 8 მოქალაქის, მათ შორის, „რუსთავი 2“-ის კიევის ბიუროს ოპერატორის დეპორტაცია მოხდა. მანამდე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაცვის სამი წევრის დეპორტაცია განხორციელდა.