კახა კალაძემ მერიის სტრუქტურულ ერთეულებს ეფექტიანი მმართველობის უზრუნველსაყოფად საჭირო ქმედებების განხორციელება დაავალა

კახა კალაძემ მერიის სტრუქტურულ ერთეულებს ეფექტიანი მმართველობის უზრუნველსაყოფად საჭირო ქმედებების განხორციელება დაავალა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიის სტრუქტურულ ერთეულებს მერიის სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად საჭირო ქმედებების დაწყება დაავალა.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროცესი აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე იქნება, რომლის შესახებ ინფორმაციას საზოგადოება მიიღებს.

„ვავალებ მერიის სტრუქტურულ ერთეულებს, რაიონის გამგეობებს, არქიტექტურის სამსახურს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, ქონების მართვის სააგენტოს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, „თბილსერვის ჯგუფს“, თბილისის განვითარების ფონდს, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, მერიის სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად საჭირო ქმედებებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სტრუქტურული რეფორმის მიზანია, თბილისის მერია მოქალაქეებზე მეტად ორიენტირებული უწყება გახდეს.

„ჩვენი მიზანია, თბილისის მერია გახდეს მოქნილი, მოქალაქეებზე მეტად ორიენტირებული უწყება და დაგეგმილი რეფორმაც, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. პროცესი იქნება აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე და კონკრეტული ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

დედაქალაქის მთავრობის ახალმა შემადგენლობამ პირველი სხდომა გამართა. თბილისის მერმა კახა კალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, მთავრობის წევრებს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და რამდენიმე განცხადება გააკეთა.