ნუგზარ ჭონქაძე წლების განმავლობაში მუშაობდა უსაფრთხოების სამსახურში, არის ჩოხოსანი, კარგი თამადა, მასზე განცხადებებს ვისმენთ მათგან, ვისაც ხელები სისხლში ჰქონდა გასვრილი

ნუგზარ ჭონქაძე წლების განმავლობაში მუშაობდა უსაფრთხოების სამსახურში, არის ჩოხოსანი, კარგი თამადა, მასზე განცხადებებს ვისმენთ მათგან, ვისაც ხელები სისხლში ჰქონდა გასვრილი

წარმატებები მინდა ვუსურვო ნუგზარ ჭონქაძეს, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, გეგმავს თუ არა ის ჭონქაძის კანდიდატურის მოხსნას.

ოპოზიციის მოთხოვნაზე საპასუხოდ, რომ ჭონქაძე აკეთებდა ჰომოფობიურ განცხადებებს, კალაძემ უპასუხა, რომ "სისხლიანი რეჟიმის" წარმომადგენლებისგან მსგავსი შენიშვნები უხერხულია.

"ნუგზარ ჭონქაძეს მინდა წარმატებები ვუსურვო. უსაფრთხოების სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, თავს გაართმევს დაკისრებულ მოვალეობას", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, დაატოვებინებს თუ არა ახლად დანიშნულ თანამდებობას, კალაძემ კითხვითვე უპასუხა - "რატომ? რა დააშავა?"

"ეს ადამიანი წლების განმავლობაში მუშაობდა უსაფრთხოების სამსახურში, ფინანსურ პოლიციაში, იყო „პროგრესბანკის“ უსაფრთხოების სამსახურში. სხვა რომელ წარსულზე საუბრობთ? არის ჩოხოსანი, კარგი თამადა და კიდევ რა გაინტერესებთ? საინტერესოა, რომ განცხადებებს ვისმენთ მათგან, ვისაც ხელები სისხლში ჰქონდათ გასვრილი, ეს ადამიანები წლების განმავლობაში აუპატიურებდნენ ცოცხებით. მე არ მიყვარს წარსულ წლებზე საუბარი, რადგან ხალხი ელოდება მომავალ განვითარებას, ელოდება, რომ მნიშვნელოვანი პროექტები განხორცილდება, თუმცა მიწევს მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის შეხსენება, რაც ბობოქრობდა ჩვენს ქვეყანაში. უხერხულია ეს ადამიანები ჰომოფობიურ განცხადებებზე იძლეოდნენ შენიშვნებს", - განაცხადა კალაძემ.

მან გუშინ თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნუგზარ ჭონქაძე წარადგინა. ოპოზიცია ჭონქაძეს ჰომოფობიური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს.