ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის განცხადებას მივესალმები

ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის განცხადებას მივესალმები

მივესალმებით ეროვნული ბანკის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ლარის კურსის ასეთი ცვალებადობის გახანგრძლივების შემთხვევაში გამკაცრდება მონეტარული პოლიტიკა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

”გამოვეხმაურები ლარის კურსთან დაკავშირებულ კომენტარებს. მივესალმებით რომ ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განცხადება, სადაც პრაქტიკულად ერთი მხრივ, ჩანს, რომ ლიკვიდობის მართვის და სახაზინო ოპერაციების თვალსაზრისით ჩვენ პრობლემები არ გვაქვს და ეს ვერ მოახდენდა ლარის კურსის დიაპაზონზე გავლენას. მეორე მხრივ, მივესალმებით ეროვნული ბანკის განცხადებას, სადაც ნათქვამია რომ ლარის კურსის ასეთი ცვალებადობის გახანგრძლივების შემთხვევაში გამკაცრდება მონეტარული პოლიტიკა და ეროვნული ბანკის მხრიდან მოხდება შესაბამისი ინტერვენციები”, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის სხდომაზე, უმრავლესობის დეპუტატმა კიდევ ერთი განცხადება საბიუჯეტო ხარჯების შემცირების შესახებ გააკეთა.

”საუბარი იყო ხარჯებთან დაკავშირებით. მე მინდა შევახსენო კოლეგებს, რომ 2017 წელს საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურებაზე 76 მილიონი ლარით ნაკლებია დახარჯული. ეს ნიშნავს რომ დანაზოგები რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ნამდვილად იქნა წელს გაკეთებული. უნდა ითქვას, რომ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში მთავრობის მიმდინარე ხარჯები 1,5 პროცენტით შემცირებულად არის დაგეგმილი. ეს ნიშნავს, რომ მომავალ წელსაც გაკეთდება ეკონომია. ეს იმ ფონზე, როდესაც ეკონომიური ზრდა ქვეყანაში 2017 წელს 4,5 პროცენტის ფარგლებშია და 2018 წლის ეკონომიური ზრდაც იმავე ზრდის ფარგლებშია დაგეგმილი”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს და დაზოგილ ხარჯებს, თალაკვაძემ განმარტა, რომ პარლამენტში დეტალური განხილვა მოხდება და კითხვებზე თუ რამდენის დაზოგვა მოხდება, სად წავა შემდეგ ეს თანხები, განხილვის შემდეგ იქნება პასუხგაცემული.