ახალ უწყებას რატომ უქმნით მღებრიშვილს? ხომ შეიძლებოდა ის უბრალოდ სახლში გაგეშვათ?

ახალ უწყებას რატომ უქმნით მღებრიშვილს? ხომ შეიძლებოდა ის უბრალოდ სახლში გაგეშვათ?

თუ ასეთი მნიშვნელოვანია ხარჯების შემცირება, ახალ უწყებას რატომ უქმნით მღებრიშვილს? ხომ შეიძლებოდა ის უბრალოდ სახლში გაგეშვათ? - ამის შესახებ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა ამავე კონტექსტში მთავრობის მიერ დაანონსებული სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რეალურად ცვლილებები ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას არ ემსახურება.

”როგორც პრინციპი მთავრობის ხარჯების შემცირება კარგია, თუმცა ბევრი კითხვის ნიშანი დარჩა. მაგალითად, ჩვენ არ მოგვისმენია თუ რა ოდენობის ხარჯის შემცირებას აპირებს ხელისუფლება და ეს დანაზოგი რაზე უნდა დაიხარჯოს.

კითხვები მაქვს ასევე დაანონსებულ სტრუქტურულ ცვლილებებზე - რეალურად მოხდა სუს-ის გაძლიერება. თქვენ შარშან ბიუჯეტი გაუზარდეთ, ახლა კიდევ უფრო მეტ ფუნქციას სძენთ. ეს არის საბოლოო ჯამში ქვეყნის დემოკრატიისთვის ცუდი და უკან გადადგმული ნაბიჯი.

თუ ასეთი მნიშვნელოვანია ხარჯების შემცირება, ახალ უწყებას რატომ უქმნით მღებრიშვილს? ხომ შეიძლებოდა ის უბრალოდ სახლში გაგეშვათ??

გარდა ამისა, ამ ცვლილებების შედეგად გააერთიანეთ სახელმწიფო აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ამ სამინისტროს რეალური მისია იყო რეფორმების კოორდინირება, თუმცა როგორ წარმოგიდგენიათ კოორდინირება რეფორმების? სადმე გინახავთ რომ შიდა პოლიტიკური რეფორმების კოორდინირებას ახორციელებდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო?”-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დეპუტატი ლარის გაუფასურების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ ფონზე რიგი მაღალჩინოსნები კვლავ აგრძელებენ დანამატების აღებას წლის განმავლობაში.

”პარლამენტი ტრადიციულ სტილში განახლდა და ტრადიციულ სტილში გვესმის თავის ქება. მინდა ცოტა ხნით რეალობაში დაგაბრუნოთ. ალბათ ნახეთ ტაბლოებზე გამოქვეყნებული ლარის კურსი. გეტყვით რომ კურსი დოლართან მიმართებაში 2.71 იყო, ხოლო ევროსთან მიმართებით 3, 21.

ყველაზე მაღალია ეს მაჩვენებლები რაც კი საქართველოს ისტორიაში ყოფილა და თქვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა სამწუხაროდ ეს. ასევე დღეს სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა ინფორმაცია თუ როგორი ეკონომიკური ზრდა იყო შარშან, ასევე 2008 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა - 2,4 პროცენტი.

როდესაც ასეთი ეკონომიკური სიდუხჭირეა, ბოლო დღეების განმავლობაში გვესმის რომ სუს-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა 36-ჯერ მიიღო დანამატი წლის განმავლობაში, შსს-ს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა 41-ჯერ მიიღო დანამატი , კახეთის საოლქო პროკურორმა 23-ჯერ მიიღო დანამატი და მათი წლიური შემოსავალი 150 ათას ლარზე ადის“, -განაცხადა სერგი კაპანაძემ.