დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე რამდენჯერმე ვნახეთ ხელისუფლების მცდელობა, ცვლილებები შეეტანა სახელისუფლო სტრუქტურაში, რომელიც ხშირად საზოგადოებისთვის თვალის ახვევას ისახავდა მიზნად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
”ჩვენ ამ ეტაპზე ვადევნებთ თვალს ჩვენი ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომ მოხდეს მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბება. მიზანი ამ სტრუქტურული ცვლილებებისა, რომელიც ბატონმა პრემიერმა განაცხადა, სწორედ ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს, სახელისუფლებო მართვის მაქსიმალური ოპტიმიზაცია გახლავთ და ეს არის მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბების მიმართულება. სწორედ ამ სახელმწიფო აპარატმა მენეჯერული კუთხით უნდა განახორციელოს ძალიან სწორი და ოპტიმალური მართვა ჩვენი ქვეყნის, რამაც შედეგი უნდა გამოიღოს”, - განაცხადა მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, ყველაფერს ორი მიზანი აქვს, ერთი არის ბიუროკრატიის შემცირება და მეორე არის უკეთესი მართვა სამინისტროების და იმ მიმართულების, სადაც კონკრეტული პირი არის პასუხისმგებელი, რომ შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც მას თანამდებობრივად ეკუთვნის.
”მე ასევე ხაზს გავუსვამ იმ კანდიდატებს, რომლებიც მთავრობის ან პრემიერის მიერ დაანონსდა, რომ ინიშნებიან ხელმძღვანელებად. ყველას გააჩნია ძალიან დიდი გამოცდილება, ყველა ეს პირი შესაბამისი მაღალი ცოდნით და გამოცდილებით არის გამორჩეული, განათლება საზღვარგარეთ აქვთ მიღებული. ჩვენ მთლიანად ვენდობით გიორგი კვირიკაშვილის გუნდს და ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამ შესაბამისი ცვლილების ფონზე საქართველოს მთავრობა იქნება კიდევ უფრო მეტად მოქნილი, უფრო მეტად ორიენტირებული პრობლემების მოგვარებაზე და დასახული მიზნები იქნება შესრულებული შესაბამისი სტრუქტურული ცვლილებების შესაბამისად”, - აღნიშნა დეპუტატმა.