ევროპარლამენტართა უმრავლესობა მხარს უჭერს რეკომენდაციებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ნდობის ფონდის შექმნის და მომავალში ამ ქვეყნების შენგენის ზონასთან, საბაჟო და ენერგეტიკულ კავშირებთან მიერთების შესახებ. ამის შესახებ „უნიანი“ წერს.
მათი ინფორმაციით, შესაბამისი რეკომენდაციებით ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას და ევროკავშირის საგარეო დიპლომატიურ სამსახურს ევროდეპუტატებმა - ლაიმა ანდრიკენემ და კნუტ ფლეკენშტაინმა მიმართეს.
„ჩვენ ვთავაზობთ ფორმატს „აღმოსავლეთი პარტნიორობა პლიუსი“, რომელიც ნდობის ფონდების შექმნას, ახალ საინვესტიციო ევროპულ გეგმას, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესასრულებლად ფინანსურ მექანიზმებს და სხვა ზომებს ითვალისწინებს.
ეს წინადადებები ეხება სამ ქვეყანას - საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას. როდესაც დადგება დრო, საშინაო დავალება შესრულდება და ყველა საჭირო პირობა შესრულებული იქნება, ამ ქვეყნების საბაჟო კავშირში, ციფრული ტექნოლოგიების კავშირში და ენერგეტიკულ კავშირში პოტენციური გაწევრიანება ერთ-ერთ ვარიანტად უნდა განიხილებოდეს“, - განაცხადა ანდრიკენემ.
მისი თქმით, აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს ქვეყნებს შორის დიფერენციაციაზე.
„ჩვენი შეზღუდული რესურსების გათვალისწინებით, უნდა გამოვიყენოთ პრინციპი „მეტი მეტისთვის, ნაკლები ნაკლებისთვის“, - აღნიშნა ევროდეპუტატმა.
აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტში, დღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებული ანგარიშის მოსმენა და კენჭისყრა გაიმართება.