აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მონდომებას გააძლიეროს და მოახდინოს სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც მეტისმა აღნიშნა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას, რომ აშშ საქართველოს გვერდით დგას, ორი ქვეყნის საერთო ღირებულებები - სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემა ამყარებს.
„ჩვენი შეხვედრა იმართება ამ კვირაში, როდესაც ორივე ქვეყანა მნიშვნელოვანი დღესასწაულების სამზადისშია - მომავალი კვირის ხუთშაბათს საქართველოში წმინდა გიორგის დღე აღინიშნება, ხოლო ამერიკაში მადლიერების დღეს ვზეიმობთ. თქვენს ერს ბედნიერ გიორგობას ვუსურვებ - ქართველი ერის მფარველი წმინდანის დღესასწაულს.
წელს საქართველოსა და აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღინიშნება, ხოლო 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ბუდაპეშტში დაპირება მიიღო, რომ ნატო-ს წევრი გახდება. მეოთხედი საუკუნის წინ საქართველომ არჩევანი გააკეთა, შეუერთდეს დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობას და ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნები მეგობრულად დგანან ერთმანეთის გვერდით.
ასევე, 10 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან. როგორც ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა ზაფხულში, თბილისში ვიზიტისას განაცხადა, „ამერიკა საქართველოს გვერდით დგას“. ამ პირობას ამყარებს ჩვენი ქვეყნების საერთო ღირებულებები - სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემა“, - განაცხადა თავდაცვის მდივანმა.
ჯეიმს მეტისმა ასევე ხაზი გაუსვა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს მონაწილეობას და აღნიშნა, რომ ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან საქართველო ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.
„თქვენი პრემიერის განცხადება, იდგეთ ჩვენს გვერდით ავღანეთში, ვიდრე ბოლო ამერიკელი სამხედრო არ დატოვებს ქვეყანას არის ძლიერი და ძალიან დასაფასებელი სიგნალი, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნების მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას.
ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს, როგორც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდ, ნატო-ს მისიის არაწევრ კონტრიბუტორ ქვეყანას. ავღანეთში წარმოდგენილი 871 სამხედრო მოსამსახურით, საქართველო სამაგალითო ქვეყანაა. ჩვენ პატივს მივაგებთ მისიის შესრულების დროს დაღუპულ 32 სამხედრო მოსამსახურეს, რომლებმაც უდიდესი მსხვერპლი გაიღეს და ასევე, მინდა პატივისცემა გამოვხატო ტერორიზმთან ბრძოლაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ.
ვიყურებით რა მომავლისკენ, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მონდომებას გააძლიეროს და მოახდინოს სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზება თავდაცვაზე გამოყოფილი მშპ-ის 2.2 %-ით. ეს აჩვენებს თქვენს ვალდებულებას თავდაცვის სფეროს მიმართ. თქვენი სამხედრო რეფორმები კარგად არის განსაზღვრული, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების ეფექტურობის გაზრდას და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროცესს“, - განაცხადა ჯეიმს მეტისმა.