გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და ვფიქრობ, ერთ გუნდად ბევრი შრომა მოგვიწევს, რომ ვიყოთ წარმატებულები, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
მისივე განცხადებით, იმ შვიდივე მიმართულებაზე იმუშავებენ, რაც „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ წინასაარჩევნოდ გაჟღერდა.
„ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, იყო საკრებულოს თავმჯდომარე. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. გვყავს თბილისის ძალიან წარმატებული მერი, რომელსაც ასევე აქვს ამბიციური გეგმები. ვფიქრობ, ჩვენ ერთ გუნდად ძალიან ბევრი შრომა მოგვიწევს, რომ წარმატებულები ვიყოთ, რომ ყველა პროგრამით გათვალისწინებული თითოეული მიმართულება იყოს შესრულებული. თქვენ იცით, რომ შვიდი ძირითადი მიმართულება დასახელდა წინასაარჩევნოდ და ვიმუშავებთ, რომ ყველა ეს მიმართულება შესრულდეს“, - განაცხადა გიორგი ტყემელაძემ.
თბილისის საკრებულოში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა 14 ნოემბერს, 11:00 საათზე გაიმართება. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში იწვევს.
კანონის მიხედვით, ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახსნის. შემდეგ კი საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მას მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი ფრიდონ ინჯია გაუძღვება.