საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელის, ექსპერტის თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადაგან ბიოროკრატიული ხარჯები შემცირდება.
საუბარში შარაშენიძემ აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, თუ შერიგებისა და შს სამინისტროების გაერთიანება მოხდება.
„დადებითად ვაფასებ, რომ განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა. ძალიან საინტერესოა, რომ ეს ყველაფერი სტრუქტურული ცვლილებები იყო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება სამუშაო ადგილებზე და ბევრი ადამიანი დარჩება უმუშევარი, თუმცა ბიუროკრატიული შემცირება ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო იყო. ლოგიკურია, სამინისტროების გაერთიანება და შემცირება. პირადად მე, შერიგებისა და შს სამინისტროებს გავაერთიანებდი, მაგრამ გასაგებია, რომ მთავრობა ამას არ იზამს, რადგან აფხაზებისა და ოსებისთვის ეს ფაქტი ძნელი გასაგები იქნება“, - განაცხადა შარაშენიძემ.
შსს-ში შეიქმნა ასევე ახალი სტრუქტურული ერთეული. შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელსაც შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს. მინისტრის პოსტზე მღებრიშვილს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის. განათლების ახალ მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.