მთავრობაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადებას იწვევს

მთავრობაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადებას იწვევს

მთავრობაში დაგეგმილი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადებას იწვევს.

დაგეგმილი ცვლილებები რამდენიმე სამინიტროს ეხება. კონსტიტუციის თანახმად კი, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის 1/3-ით განახლების შემთხვევაში, მთავრობა და სამთავრობო პროგრამა ნდობის მისაღებად პარლამენტს წარედგინება.

როგორც პრემიერმა კვირიკაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, უქმდება ენერგეტიკის სამინისტრო და ის ეკონომიკის სამინისტროს უერთდება. ამავე უწყებას შეერწყმება გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. გაერთიანებულ უწყებას დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს. რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს დანარჩენ ნაწილს, ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაექვემდებარება.

თანამდებობას ტოვებს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელსაც გიორგი გახარია შეცვლის. ერთ უწყებად ერთიანდება კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროების სპორტის ნაწილი, რომელსაც მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება ახალგაზრდულ საქმეთა ნაწილს ის განათლების სამინისტროში გადავა.

თანამდებობა დატოვა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელსაც თსუ-ს პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი ცვლის.

გარდა ამისა, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი უქმდება და აღნიშნული მიმართულება საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება.

კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტმა მთავრობა პარლამენტს ნდობის მისაღებად 1 კვირის ვადაში უნდა წარუდგინოს.