საქართველოს პრემიერმა სიღმისეულად გაგვაცნო ძირითადი პრინციპები კანონპროექტისა, რომელიც პარლამენტმა მთავრობის შესახებ უნდა მიიღოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების” ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ცვლილებები არ იქნება ტექნიკური, არამედ იქნება შინაარსობრივი კუთხით და აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით ხვალ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დეტალურად ისაუბრებს და წარადგენს საპარლამენტო უმრავლესობასთან შეთანხმებულ პოზიციას.
”ყველა საკითხზე ხვალ დეტალურად იქნება პრემიერისგან საუბარი. ძირითადი პრინციპები კანონპროექტისა, რომელიც უნდა მიიღოს პარლამენტმა მთავრობის შესახებ გაგვაცნო პრემიერ-მინისტრმა და სიღრმისეულად ვისაუბრეთ ამ მიმართულებაზე. ეს არ არის ტექნიკური ცვლილება, არამედ არის შინაარსობრივი ცვლილებები, რომელიც საინტერესოა, მით უმეტეს, არც ერთ დარგს არაფერი დააკლდება, თუ არ ემატება ხედვის და ორგანიზების დონეზე. ხვალ პრემიერი ჩვენთან შეთანხმებულ პოზიციას დეტალურად წარმოადგენს. ჩვენ ძირითადად შევაფასეთ დღეს და არ დაგვავიწყდეს, რომ კანონი გვაქვს მისაღები და ნდობის საკითხი გვაქვს განსახილველი მომავალში. თუმცა, ყველაფერი, პრემიერის განცხადებით, შემდეგ მოხდება”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.