მეგის ქარდავას ქართული კრიმინალიტეტის და რუსული სპეცსამსახურების ეშინია

მეგის ქარდავას ქართული კრიმინალიტეტის და რუსული სპეცსამსახურების ეშინია

მეგის ქარდავა მის დაკავებას უკრაინის ხელისუფლებასთან მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირებას არ უკავშირებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინელმა ადვოკატმა მიხეილ ლოტოცკიმ განუცხადა.

მიხეილ ლოტოცკის თქმით, ქარდავა იზოლატორში დღეს მოინახულა და ის თავს კარგად გრძნობს.

„დღეს შევხვდი მეგისს. მისი მდგომარეობა ნორმალურია. ის არანაირად არ უკავშირებს მის დაკავებას მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის არსებულ დაპირისპირებას. მეგის ქარდავა თავისთვის ცხოვრობდა უკრაინაში. ემალებოდა საქართველოს ხელისუფლებასა და ქართულ კრიმინალიტეტს. მის მიმართ იყო მუქარები და მას ახლაც ეშინია. საქართველოში მაღალი თანამდებობა ეკავა. შესაბამისად, ეშინია როგორც ქართული კრიმინალიტეტის, ასევე რუსული სპეცსამსახურების“, - განაცხადა მიხეილ ლოტოცკიმ.

რაც შეეხება საექსტრადიციო პროცედურებს, ადვოკატის განმარტებით, თუ ქართული მხარე უკრაინას ქარდავას ექსტრადიციასთან დაკავშირებით 40 დღის ვადაში არ მიმართავს, დაკავებული პატიმრობიდან გათავისუფლდება.

„ამ ეტაპზე უკრაინაში მის ადვოკატად მე ვრჩები. იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვა კიევში იქნება გადატანილი, მაშინ, ალბათ, მეგისს სხვა ადვოკატი ეყოლება. ამ ეტაპზე სასამართლო პროცესი არ იგეგმება. საქართველოდან უნდა მოვიდეს საექსტრადიციო მოთხოვნა. ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოდან საექსტრადიციო მოთხოვნა მიღებულია. თუ 40 დღეში ამგვარი მოთხოვნა არ მოვა, მეგის ქარდავა გათავისუფლდება“, - აღნიშნა ქარდავას უკრაინელმა ადვოკატმა.

მისივე თქმით, დაცვის მხარის მოთხოვნაა, მეგის ქარდავასთან იზოლატორში არავინ, მათ შორის არც გამომძიებლები შეუშვან.

„მეგის ქარდავას იზოლატორში კარგად ეპყრობიან და ის არაფერზე ჩივის. ექიმებმა შეამოწმეს და ყველაფერი ნორმალურად არის. რაც შეეხება იმას, მოითხოვს თუ არა უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს, ჩვენ ჯერ არ გადაგვიწყვეტია, რას მოვიმოქმედებთ. ამიტომაც, ვერაფერს ვიტყვი მეგის ქარდავას ნებართვის გარეშე. ჩვენ შევეცდებით ის უკრაინაში დავტოვოთ.

ჩვენ ასევე მივმართეთ იზოლატორის ხელმძღვანელობას, რომ მეგის ქარდავასთან არავინ შეუშვან, მათ შორის არც საგამოძიებო უწყების თანამშრომლები. მეგის ქარდავა არ არის ეჭვმიტანილი სისხლის სამართლის საქმეში. შესაბამისად, მასთან მიმართებაში საგამოძიებო ქმედებების განხორციელება არ შეიძლება. ის მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ არ მიმალულიყო. უკრაინის სახელმწიფოს მასთან მიმართებაში არანაირი პრეტენზიები არ გააჩნია.

მეგის ქარდავა საქართველოს პატრიოტია. ის საქართველოს იცავდა. ძალოვან სტრუქტურებში იყო. რაც შეეხება მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს, კარგად ვიცით, თუ როგორ ხდება ფალსიფიცირება საქმეების“, - აღნიშნა მიხეილ ლოტოცკიმ.