ზაზა ხუციშვილმა გარკვეულწილად პასუხი გასცა იმ სულელურ გამოხტომას, რაც მოახდინა „ნაციონალური მოძრაობის მხარემ, გვარი არ მინდა დავასახელო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
დეპუტატი გამოეხმაურა ყიზილაჯლოში განვითარებულ მოვლენებზე უმრავლესობის წევრის, ზაზა ხუციშვილის განცხადებას, რომ მარნეულში მომხდარ ფაქტში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გაუგონარ თემას სთავაზობს საზოგადოებას, თქვა, თითქოს იქ შიდა დაპირისპირებები იყო. მე მგონია, რომ ყველამ, მათ შორის პოლიტიკოსებმა თავი უნდა შეიკავონ გამოძიების დატვირთისგან გარკვეული პოლიტიკური თემებით. ყველა საკითხი იქნება გამოძიებული და როგორც შს მინისტრმა განაცხადა, იქნება კომპეტენტური პასუხი და იქამდე, ვიდრე ეს პასუხი არ იქნება, თავი უნდა შევიკავოთ ყველაფრისგან“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე შეფასებით, ასეთი ფაქტი არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე, არჩევნების წინ თუ არჩევნების შემდეგ ჩრდილს აყენებს საზოგადოებას და „სამწუხაროდ, კრიმინალური მოვლენები ხდება და არა მარტო საქართველოში, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში გამწვავებულია ამ საკითხების მიმართ დამოკიდებულება“.
სოფელ ყიზილაჯლოში ”ქართული ოცნების“ ოფისთან თავდასხმა გუშინ საღამოს მოხდა, რა დროსაც რამდენიმე პირი დაიჭრა. დაჭრილებს შორის “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი არიან.