გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ" კონვენციასთან მიერთების საკითხი განიხილეს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის მაია ზაურაშვილის განცხადებით, კონვენცია შემუშავდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ 1986 წელს. კონვენციის წევრია 112 სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია. „კონვენცია აწესრიგებს ბირთვული ავარიებისა და რადიაციული ავარიული სიტუაციების შემთხვევაში, საერთაშორისო დახმარების აღმოჩენასა და მხარდაჭერასთან დაკავშირებულ საკითხებს. ჩვენი ქვეყნისთვის მას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მასთან შეერთების შემდეგ ჩვენ გვექნება სამართლებრივი საფუძვლები, რომ მოვითხოვოთ ტექნიკური დახმარება კონვენციის წევრი სახელმწიფოებისაგან", -განაცხადა მომხსენებელმა.
დღესვე კომიტეტმა განიხილა საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, კანონის პროექტი განსაზღვრავს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებს მხარჯავი დაწესებულებებისა და მათ მიერ განსახორციელებელი პროგრამებისათვის.
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 43.0 მლნ. ლარამდე. გარემოს დაცვაზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში განსაზღვრულია 59,3 მლნ ლარი. გიორგი კაკაურიძის თქმით, ეს არის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი.
კომიტეტის წევრებმა შენიშვნები გამოთქვეს და იმ სფეროებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლის გათვალისწინებაც აუცილებლობად მიაჩნიათ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. დეპუტატებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის მასივების აღდგენასა და სანერგე მეურნეობებისთვის გამოყოფილ ფინანსურ რესურსებზე.
„ვთვლი, რომ გარემოს დაცვის საკითხები ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. თვითონ სამინისტროს შიგნით თუ როგორ მოხდება პრიორიტეტების განსაზღვრა, ესეც მნიშვნელოვანია, ამიტომ გამოვხატავთ დიდ სურვილსაც, თუ თქვენ ჩათვლით საჭიროდ, ფინანსთა სამინისტროსთან და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებთან ერთად ჩვენც ვიყოთ ჩართული ამ პროცესში და მეორე მოსმენისთვის უფრო დეტალებზე სასაუბროთ ვიყოთ მზად", - განაცხადა კახა კუჭავამ.