გია ვოლსკი სალომე სამადაშვილს - პარალელურ რეჟიმში რა გაყვირებს, გოგო

გია ვოლსკი სალომე სამადაშვილს - პარალელურ რეჟიმში რა გაყვირებს, გოგო

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გია ვოლსკისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სალომე სამადაშვილის ძირითადი კითხვები შეეხებოდა იმას, იგეგმება თუ არა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდა, ბიუჯეტის რა პროცენტი მოხმარდება სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნასა და გაძლიერებას. მისივე თქმით, არანაირი საპარლამენტო ზედამხედველობის სისტემა არ მუშაობს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე. გარდა ამისა, სალომე სამადაშვილის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ კრიზისის დროს საქართველომ დახმარება რუსეთს სთხოვა, რომელიც ამ ქვეყნისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ნდობის ჯგუფი გააკრიტიკეს.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციის შეკითხვებს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა უპასუხა, კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ.

„ფაქტია, რომ საკითხი პროფესიონალურად იხილება, ვიღაცას შეიძლება გააჩნია შენიშვნები, მაგრამ ამ საქმიანი ვითარებიდან, რაზეც მშვენიერი პასუხი გასცა თავდაცვის სამინისტრომ ციფრებით, პროცენტულად, რომ ვერაფერი გამოდნა, აქედან გამომდინარე, იმის ლაპარაკი, რომ იქ დახურული, ნდობის ჯგუფი არ მოქმედებს, ეს სხვა თემაა“, - განაცხადა ვოლსკიმ, რაზეც სალომე სამადაშვილმა მიუგო, რომ ”ეს სხვა თემა არ არის”.

„პარალელურ რეჟიმში რა გაყვირებს, გოგო“, - მიმართა ვოლსკიმ სალომე სამადაშვილს, რაზეც სალომე სამადაშვილმა უპასუხა, რომ ასე მან მიმართოს ვინმე სხვას, ”სახლში საკუთარი ოჯახის წევრებს”.

„პარლამენტის წევრმა ცოტა მეტი ზრდილობა უნდა გამოიჩინოთ“, - განაცხადა ვოლსკიმ. სალომე სამადაშვილმა კი კომიტეტის დარბაზი დატოვა.