„პილპილი“

„პილპილი“

ერთხელ გია ფერაძე მეგობარს, ლაშა თაბუკაშვილს შეხვდა. იქვე გაჩნდა იდეა, რომ ხორცი ეყიდათ, აეტანათ ლაშასთან და ხინკალი გაეკეთებინათ. შეიძინეს ხორცი, არაყი, დანარჩენი რაც საჭირო იყო და თაბუკაშვილებთან ფიქრის გორაზე ავიდნენ.

სანამ ხინკალი მოიხარშებოდა ორივე საკმაოდ შეთვრა. სუფრაზე ლანგარზე დაწყობილი ხინკალი რომ შემოიტანეს, გია მარტო იყო ოთახში.

ბევრი ეძება შავი პილპილი, მაგრამ ვერსად მიაკვლია. უცებ შენიშნა, რომ წიგნების თაროზე ყუთში რაღაც შავი ფხვნილი ეყარა. ბევრი არ უფიქრია, ამოიღო და მოაყარა ხინკალს.

როდესაც ჩაკბიჩა, ლუკმა კბილებში აუკნატუნდა. სწორედ ამ დროს შემოვიდა ლაშა და თავზარდაცემულმა იყვირა: – რა ქენი, თამარაშვილი მოაყარე ხინკალს?.

თურმე ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ლაშა თაბუკაშვილის მამამ, რეზო თაბუკაშვილმა მიხეილ თამარაშვილის ნეშტი ჩამოასვენა საქართველოში და იმ დღეებში ფერფლის ურნა მის სახლში ესვენა.