გუშინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Daily Mirror” გაავრცელა ინფორმაცია, რომ წინა საუკუნის 80-იანი წლების პოპულარული დუეტი „Wham!”-ის წევრები კვლავ გაერთიანებასა და კონცერტების ჩატარებას გეგმავენ.
გაზეთის ჟურნალისტი მომღერალ ჯორჯ მაიკლს ესაუბრა და მან ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
გუშინვე საღამოს, მეორე ბრიტანულმა გამოცემამ „The Guardian” ამ ინფორმაციას მონაჭორი უწოდა. ამ ბეჭდვით ორგანოს თავად ჯორჯ მაიკლი დაუკავშირდა და განაცხადა, რომ კოლეგა ენდრიუ რიჯლისთან გამართული მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა.
30 წლის წინ, 1982 წლის 16 ივნისს, დუეტმა თავიანთი ერთ-ერთი პირველი ცნობილი კომპოზიცია „Wham Rap! (Enjoy What You Do)” ჩაწერა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჯორჯ მაიკლმა თავის დროზე პოპულარული დუეტის აღდგენა განიზრახა. სამწუხაროდ ენდრიუ რიჯლმა საკონცერტო სცენაზე დაბრუნება არ მოისურვა.